Content-Length: 137961 | pFad | http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94_%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98&action=edit&section=3

მაქსიმე აღმსარებელი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

მაქსიმე აღმსარებელი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი (დ. 580, კონსტანტინოპოლი — გ. 13 აგვისტო, 662, მურის ციხე[1], ლაზიკა) — ბიზანტიელი ქრისტიანი წმინდანი. დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სიყმაწვილეში მან მრავალმხრივი განათლება მიიღო: სწავლობდა ფილოსოფიას, გრამატიკას, რიტორიკას, გაეცნო ძველ ავტორებს, სრულყოფილად დაეუფლა საღვთისმეტყველო დიალექტიკას. სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით, იმპერატორ ჰერაკლეს (611-641) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა მას. ამიტომ ქრისოპოლის მიაშურა და ბერად აღიკვეცა 613-614 წლებში. მაქსიმემ საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა და მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა. 633 წელს ერთი ღვთისმეტყველის, შემდეგში იერუსალიმელი პატრიარქის სოფრონის (ხს. 11 მარტს) თხოვნით მაქსიმემ დატოვა სავანე და ალექსანდრიაში გაემგზავრა.

ამ ხანებში წმიდა სოფრონმა სახელი გაითქვა მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით. მას შემდეგ, რაც IV მსოფლიო კრებამ (451 წ.) დაგმო მონოფიზიტობა, რომელიც იესო ქრისტეში მხოლოდ ერთ (ღვთაებრივ) ბუნებას აღიარებდა, მონოთელიტებმა შემოიტანეს სწავლება ერთი ღვთაებრივი ნებისა და ერთი (ღვთაებრივი) ქმედების შესახებ, რასაც უარყოფილი მონოფიზიტური სწავლების აღიარებამდე მივყავდით. მონოთელიტობას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა სომხეთში, სირიაში, ეგვიპტეში. მართლმადიდებლობის ბრძოლას მწვალებლურ სწავლებებთან აძნელებდა ის გარემოება, რომ აღმოსავლეთის სამი საპატრიარქო ტახტი მონოფიზიტთა ხელში აღმოჩნდა: კონსტანტინეპოლის ეკლესიას სერგი განაგებდა, ანტიოქიისას - ათანასე, ალექსანდრიისას კი - კვიროსი. კონსტანტინეპოლიდან ალექსანდრიაში მიმავალ ღირს მაქსიმეს გზად კრეტაზე უნდა გაევლო. სწორედ აქ დაიწყო მისი მქადაგებლური მოღვაწეობა. ალექსანდრიაში და მის მახლობლად ღირსმა მამამ 6 წელი დაჰყო. მაქსიმე აღმსარებელი მხურვალედ იცავდა მართლმადიდებლობას და მის ქადაგებებს დიდი წარმატება ჰქონდა სხვადასხვა წოდებისა და ფენის ადამიანებს შორის.

638 წელს გარდაიცვალა პატრიარქი სერგი, 641 წელს კი - იმპერატორი ჰერაკლე. ქვეყანაში გამეფდა მრისხანე და სასტიკი კონსტანტი II (642-648), მონოთელიტთა თავგამოდებული მომხრე. ღირსმა მაქსიმემ კართაგენს მიაშურა და ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ 5 წელი იქადაგა. როდესაც აქ სამეფო კარის ინტრიგების გამო კონსტანტინეპოლიდან გადმოხვეწილი პიროსი, პატრიარქ სერგის მემკვიდრე ჩავიდა, მასა და მაქსიმეს შორის გაიმართა საჯარო პაექრობა, რომელზეც ერეტიკოსმა აღიარა თავისი ცოდვა და სურვილი გამოთქვა, პაპ თეოდორესთვის გადაეცა თავისი შეხედულებების წერილობითი უარყოფა. ღირსი მაქსიმე პიროსთან ერთად გაემგზავრა რომში, სადაც პაპმა მიიღო ყოფილი პატრიარქის აღსარება და ძველ ხარისხში აღადგინა იგი. 647 წელს მაქსიმე აფრიკაში დაბრუნდა. 649 წლის ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც 150 დასავლელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლური აღმოსავლეთის 37 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის - მაქსიმე აღმსარებელიც. კრებამ დაგმო მონოთელიტობა, მისი დამცველები კი - კონსტანტინეპოლელი პატრიარქები - სერგი, პავლე და პიროსი ანათემას გადასცა.

როცა კონსტანს II კრების დადგენილებას გაეცნო, ბრძანა, შეეპყროთ პაპი მარტინი და ღირსი მაქსიმე. ღირს მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს ის თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინეპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და ლაზიკაში გადაასახლეს. მაქსიმე გარდაიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმიდა მაქსიმე დასაფლავებულია ცაგერში.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 500.
  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bryer, Anthony (1988). Peoples and settlement in Anatolia and the Caucasus, 800-1900. London: Variorum Reprints, გვ. 177. ISBN 0-86078-222-0. „The most distinguished Greek hierarch whom they encountered was St Máximos the Confessor, who died in exile in the Laz fortress of Schemarion (Muri) on 13 August 662.“ 








ApplySandwichStrip

pFad - (p)hone/(F)rame/(a)nonymizer/(d)eclutterfier!      Saves Data!


--- a PPN by Garber Painting Akron. With Image Size Reduction included!

Fetched URL: http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94_%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98&action=edit&section=3

Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy