ომს წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელმაც დაასრულა პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა. საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ. მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა[4]. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ თავი იჩინა უკრაინის აღმოსავლეთშიც, სადაც რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა აქტივისტებმა აპრილში ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს. საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლებამ წამოიწყო კონტრტერორისტული ოპერაცია[5], რაც მალე სრულმასშტაბიან კონფლიქტად გადაიქცა.