შინაარსზე გადასვლა

სორაია ისფანდიარი ბაჰთიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სორაია ისფანდიარი ბაჰთიარი
ირანის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 12 თებერვალი, 1951
მმართ. დასასრული: 15 მარტი, 1958
წინამორბედი: ფავზია ფუად ეგვიპტელი
მემკვიდრე: ფარაჰ ფეჰლევი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 ივნისი, 1932
დაბ. ადგილი: ისპაანი, ირანი
გარდ. თარიღი: 26 ოქტომბერი, 2001, (69 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
დაკრძ. ადგილი: მიუნხენი, გერმანია
მეუღლე: მოჰამედ რეზა ფეჰლევი
(ქ. 1951 - განქ. 1958)
მამა: ჰალილ ისფანდიარი ბაჰთიარი
დედა: ევა კარლი
რელიგია: კათოლიციზმი

სორაია ისფანდიარი ბაჰთიარი (სპარს. ثریا اسفندیاری بختیاری; დ. 22 ივნისი, 1932, ისპაანი, ირანი — გ. 26 ოქტომბერი, 2001, პარიზი, საფრანგეთი) — ირანელი მსახიობი და ირანის დედოფალი 1951-1958 წლებში როგორც შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის მეორე ცოლი.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იგი უნაყოფო იყო, ქორწინება დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. მან შაჰს მემკვიდრის გასაჩენად სხვა ცოლის შერთვაზე უარი განუცხადა, თუმცა მას მემკვიდრე სჭირდებოდა. 1958 წელს ირანის შაჰმა ტირილით გამოაცხადა მათი განქორწინების შესახებ, რის შემდეგაც დედით გერმანელი სორაია ევროპაში გადასახლდა და კათოლიკედ მოინათლა. ბრიტანეთის ელჩის მტკიცებით შაჰი სორაიას ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული იყო, რის გამოც ის მეორედ აღარ გათხოვილა.

მან დარჩენილი ცხოვრება მარტოობაში გაატარა პარიზში და აღარც სამსახიობო კარიერას დაბრუნებია. გარდაცვალების შემდეგ, მისივე ანდერძის მიხედვით იგი დედის მშობლიურ მხარეში დაკრძალეს.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩვილი სორაია და დედამისი, ევა კარლი 1933 წელს

სორაია დაიბადა 1932 წლის 22 ივნისს ისპაანში. იგი იყო ირანელი დიპლომატისა და დასავლეთ გერმანიის ელჩის, ჰალილ ისფანდიარი ბაჰთიარისა და მისი მეუღლის, რუსეთში დაბადებული კათოლიკე გერმანელი ქალის, ევა კარლის ორი შვილიდან უფროსი და ერთადერთი ქალიშვილი. სორაიას ძმა, ბიჯან ისფანდიარ ბაჰთიარი 1937 წელს დაიბადა და შემდგომში დის მსგავსად 2001 წელს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მამამისი ეროვნული უმცირესობის, ბახტიარების წარმომადგენელი იყო.

მისი დაბადებისას ირანში რეზა-შაჰ ფეჰლევი მეფობდა. ეს უკანასკნელი ეჭვობდა, რომ ბახტიარები, ისევე როგორც სომხები, ქურთები და სხვა უმცირესობები, ბრიტანელთა წაქეზებით დამოუკიდებლობის მოთხოვნას წამოაყენებდნენ, როგორც ეს წარსულში მოხდა. ამის გამო შაჰმა უმცირესობების სასტიკი დევნა დაიწყო, რის გამოც სორაიას ოჯახი გერმანიაში წავიდა ემიგრაციაში.

სორაიამ ღრმა ბავშვობა ბერლინში გაატარა, თუმცა როდესაც წამოიზარდა მისი ოჯახი იერუსალიმში გადავიდა, სადაც იგი ადგილობრივ არაბულ კერძო სკოლაში დადიოდა. ნაცისტების გავლენის გაზრდის შემდეგ, 1947 წელს სორაიას ოჯახი ციურიხში გადასახლდა. 1950 წლიდან სორაია ლონდონში მიემგზავრება განათლების მისაღებად. ამ დროს იგი უკვე 18 წლის, სილამაზითა და გამბედაობით ცნობილი გოგონა იყო საკმაოდ თანამედროვე შეხედულებებით.

1950 წელს, სორაია ბიძამისმა გააცნო ირანის ახლადგანქორწინებულ შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევს, რომელიც ასევე ლონდონში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით. სორაიას ახალი დამთავრებული ჰქონდა შვეიცარიული საშუალო სკოლა და უკვე ინგლისში იღებდა უმაღლეს განათლებას. როგორც ცნობილია, მასა და შაჰს ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. იმავე წელს, შაჰმა სორაიას 22,37 კარატიანი ბრილიანტის ბეჭდით სთხოვა ცოლობა და მისგან თანხმობაც მიიღო.

წყვილი სიყვარულით დაქორწინდა 1951 წლის 12 თებერვალს, თეირანის მარმარილოს სასახლეში. მამამისმა სორაიას მზითვად 10,000 სპარსული ოქროს მონეტა გაატანა. აღსანიშნავია, რომ ისინი დაქორწინებას 1950 წლის 27 დეკემბრისთვის გეგმავდნენ, მაგრამ თარიღმა პატარძლის ავადმყოფობის გამო გადაიწია. როგორც ცნობილია, სორაია იმ ზამთარს ორდერ დაავადდა და გამოჯანმრთელდა. მიუხედავად ამისა, თავად ქორწილის დღესაც იგი ტიფოიდურ ცხელებას უჩიოდა, რის გამოც ფოტოსესიის შემდეგ პატარძალმა გაიხადა დიდი, პომპეზური კაბა და მოკრძალებული სამოსით გაატარა საღამო.

რეზა შაჰმა თავის ელიტარულ სტუმრებს სთხოვა, რომ საქორწინო საჩუქრების თანხით ქველმოქმედება გაეწიათ, თუმცა არისტოკრატიამ მათ მაინც უცხოელი ლიდერებისაგან მათ მაინც დიდძალი საჩუქრები მიიღეს. საბჭოთა კავშირის ლიდერმა იოსებ სტალინმა მათ დიდი, შავი ალმასის მაგიდა გაუგზავნათ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ბროლის სკულპტურა აჩუქათ, ხოლო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ VI-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ბოუზ-ლაიონისაგან ძვირფასი ვერცხლის შანდლები მიიღეს. მათი ქორწილის 2,000 სტუმარს შორის იყო სულთანი აღა-ხან III-ც.

საქორწინო ცერემონიალი გაფორმებული იყო სპეციალურად ამ დღისთვის, ნიდერლანდებიდან თვითმფრინავით ჩამოტანილი ორქიდეებით, ტიტებითა და კარნატებით. გასართობი ღონისძიებები მოიცავდა რომიდან ჩამოყვანილ საცირკო წარმოდგენასაც კი. პატარძალს ეცვა ვერცხლისფერი ლამის კაბა, რომელიც მორთული იყო მარგალიტებითა და ბუმბულებით, რომელიც სპეციალურად მისთვის შეკერა კრისტიან დიორმა. შაჰის სამი ცოლიდან, სწორედ სორაია იყო მისი „ნამდვილი სიყვარული“.

მოგვიანებით სორაიამ დაწერა წიგნი, სადაც თავის შთაბეჭდილებებს აღწერდა, რომელიც ირანში ცხოვრებისას დააგროვა. იგი ასეთ რამეს წერდა: „მე უმეცარი ვიყავი, რადგან თითქმის არ ვიცოდი ირანის გეოგრაფიული მდებარეობაც კი. მე არ ვიცოდი საკუთარი ქვეყნის ლეგენდები და არცერთი ფურცელი მისი დიდი ისტორიიდან. ასევე არაფერი გამეგებოდა მაჰმადიანურ რელიგიაში...“ ეს ყოველივე იმით იყო გამოწვეული, რომ სორაიამ დედის გავლენით მკაცრი გერმანული კათოლიკური განათლება მიიღო, რის გამოც არაფერი იცოდა ისლამის შესახებ. მოგვიანებით ამის გამო ირანელი სასულიერო პირები მას დიდი ეჭვის თვალით უყურებდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ შაჰი არ უნდა დაქორწინებულიყო ამ „ნახევრადევროპელ გოგონაზე“, რომელიც ადგილობრივი ტრადიციებით არ იყო აღზრდილი. მოგვიანებით სორაია წერდა: „მე თავს ვგრძნობ როგორც ქრისტიანად, ისე მაჰმადიანად. ჩემს სულში ვხედავდი ორ განსხვავებულ ბოძს, რომლის გარშემოც განვითარდა ჩემი პიროვნება: ერთი მხრივ ევროპელი, მეორე მხრივ კი საშინლად სპარსული.“

ქორწინების შემდეგ, დედოფალმა სორაიამ ხელში აიღო ირანის საქველმოქმედო ასოციაციის მართვა. ისევე როგორც შაჰის პირველი ცოლის, დედოფალ ფავზია ეგვიპტელის შემთხვევაში იყო, რეზას დედა და დები მის ცოლს კონკურენტად აღიქვამდნენ შაჰის ყურადღებისა და სიყვარულის სფეროში, რის გამოც მათ შორის ყოველთვის დაძაბულობა სუფევდა. როგორც ცნობილია ერთხელ რეზას ერთ-ერთმა დამ დედოფალ ფავზიას თავზე ლარნაკიც კი გადაამსხვრია, რის გამოც სორაია ყოველთვის ერიდებოდა მათთან კონტაქტს. ამის გამო ფავზია რეზას გაეყარა და სამშობლოში გაიქცა, მაგრამ ახალი დედოფალი განქორწინებაზე არც კი ფიქრობდა, რადგან შაჰი ძალიან უყვარდა. იგი განსაკუთრებით რეზას საუკეთესო მეგობარსა და მდივანს, ერნესტ პერონს სძულდა, რომელმაც დედოფალს ერთხელ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საპასუხოდ, სორაიამ პერონი ჰომოსექსუალად შერაცხა და საჯაროდ განაცხადა, რომ მას ამის გამო სძულდა ისიც და ყველა სხვა ქალიც. დედოფალმა განაცხადა, რომ პერონი იყო „მზაკვარი, მოღალატე და მაკიაველის კაცი, რომელიც ჭორებისა და სიძულვილის გავრცელებით ცდილობს ინტრიგებში ხალხის ჩათრევას“. ამის საპირისპიროდ, რეზა შაჰი პერონს „ფილოსოფოსს, პოეტსა და წინასწარმეტყველს“ უწოდებდა. შაჰი და პერონი ყოველ დილით ხვდებოდნენ ერთმანეთს და ფრანგულ ენაზე განიხილავდნენ სახელმწიფო საკითხებს. ამის გამო, მიუხედავად დედოფლის დამოკიდებულებისა, შაჰი პერონს თავის უერთგულეს და საყვარელ ადამიანად მიიჩნევდა.

როგორც ცნობილია, ერთხელ პერონმა დედოფალი მოინახულა და მას საკმაოდ უხამსი შენიშვნებისა და ვულგარული კითხვების სერია მიაყარა შაჰთან სქესობრივი ცხოვრების შესახებ, რამაც სორაია განარისხა. 1951-1953 წლებში შაჰს ირანული ნავთობის ინდუსტრიის ნაციონალიზაციასთან დაკავშირებით სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრ მუჰამედ მოზადეღთან. რამდენადაც ცნობილია, ამ პერიოდში რეზა დეპრესიაში ჩავარდა და პერონთან პოკერის თამაში მისი ერთადერთი გასართობი გახდა. დედოფალი გამუდმებით ამტკიცებდა თავის თეორიას პერონის ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით და ერთხელ ისიც განაცხადა, რომ მან შაჰის საწოლში შეტყუება სცადა. ამის შემდეგ სორაიამ სრულიად ღიად განუცხადა თავის ქმარს, რომ მოეკრიბა ძალა და სიტუაცია უკეთესობისაკენ შეეცვალა. 1953 წელს შაჰი და დედოფალი ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ იტალიას, სადაც დედოფლის განცხადებით ელჩმა ცუდად იზრუნა მათზე და მათ ყველგან პაპარაცები დაჰყვებოდნენ. როგორც სორაია ამბობდა, ამ წელს რეზამ ტელეგრაფა მიიღო მოსალოდნელი გადატრიალების შესახებ, თუმცა მან ეს მეტად იუმორისტულად მიიღო.

შაჰი და სორაია 1954 წელს

1953 წელს პრემიერ-მინისტრმა მოზადეღმა მართლაც სცადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, თუმცა დამარცხდა. ამის შემდეგ შაჰმა იგი თანამდებობიდან მოხსნა. ამის შემდეგ სორაიამ ახალი ჰობი გაიჩინა მასკარადების სახით. შაჰს მოსწონდა კოსტიუმირებული წვეულებები, რომელიც სამეფო კარზე ეწყობოდა. აღსანიშნავია, რომ კოსტიუმებს ყოველთვის სორაია არჩევდა. ერთხელ სორაიამ რეზა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის სამოსში გამოაწყო, თავად კი არა მისი ცოლის, არამედ მისი ერთ-ერთი საყვარლის, მადამ დე მონტესპანის ფორმა ჩაიცვა, რასაც საზოგადოების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. მონტესპანის ფორმამ იმდენად ნეგატიური ემოციები გამოიწვია თავად არისტოკრატიაშიც, რომ იმავე მასკარადზე დედოფალი იძულებული გახდა კოსტიუმი გამოეცვალა და ჟანა დ’არკივით გამოწყობილიყო. აღსანიშნავია, რომ სორაია რეზას ყოველთვის ადიდებდა მისი „ევროპული“ პიროვნული თვისებების გამო, თუმცა გამუდმებით აკრიტიკებდა მისი „აღმოსავლური“ ქცევების გამო. როგორც დედოფლის მემუარებიდან ირკვევა, მოჰამედ რეზა ერთგული ქმარი იყო და სხვა ქალებთან ურთიერთობა მორცხვი ხასიათის გამო უჭირდა.

შაჰი და დედოფალი მაიამიში

რადგანაც სორაია ევროპაში იყო აღზრდილი, ირანი და მისი წეს-ჩვეულებები დედოფლისთვის სრულებით უცხო იყო. მის შეხედულებებს შედარებით უახლოვდება ამერიკაში აღზრდილი ირანელი ისტორიკოსი აბას მილანი, რომლის თვალშიც ევროპა ყოველმხრივი სრულყოფილების ნიმუში იყო. როგორც იგი აღწერს, სორაია ხშირად სტუმრობდა ბავშვთა სახლებს, საავადმყოფოებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და მეზობელ ქვეყნებს.

განსხვავებით ირანის ღარიბული ქალაქებისგან, სორაია საოცარი აღტაცებით აღწერს თავის შთაბეჭდილებას, რომელიც პარიზში ვიზიტის შემდეგ დარჩა. მან პარიზი ამგვარად აღწერა: „ყოველდღე გული მზით მქონდა სავსე. მშვენიერი იყო კინოში სიარული, ლუდის ბინის ტერასაზე ლიმონათის მინის ჭიქიდან დალევა... ნამდვილი სიამოვნება იყო, როდესაც ევროპულ სკოლაში დავდიოდი, რის საწინააღმდეგოცაა ირანული სკოლები, რომელიც ძირითადად ნაცრისფერია, არის ბინძური კლასები, უგემოვნო უნიფორმები და უშედეგო გაკვეთილები.“

1954-1955 წლებში სამეფო წყვილმა იმოგზაურა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც სორაია დიდად მოხიბლა ჰოლივუდმა. ლოს-ანჯელესში ყოფნისას იგი რამდენიმე ამერიკელ კინოვარსკვლავსაც შეხვდა. ირანში საოცარი სკანდალი მოჰყვა დედოფალი სორაიას ბიკინით გამოჩენას მაიამის სანაპიროზე. ირანელებმა იგი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს და „უზნეო“ უწოდეს. მეტიც, მისი ეს ფოტო მთელ ირანში აიკრძალა.

სორაია 1979 წელს

სორაიასა და რეზას ბედნიერი ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა. გავიდა რამდენიმე წელი და უმემკვიდრეობა მთავარ თემად იქცა. შაჰს პირველი ცოლის, ფავზიასგან მხოლოდ ერთი გოგონა ჰყავდა, რომელიც მუსულმანური კანონების გამო ტახტზე ვერ ავიდოდა და ვაჟის გაჩენა აუცილებელი იყო. ვინაიდან მუსლიმური კანონებით მრავალცოლიანობა დაშვებული იყო, მინისტრებმა შაჰს კიდევ ერთი ცოლის შერთვა ურჩიეს. რეზას ეს იდეა მოეწონა, რადგან არც საყვარელ ქალთან მოუხდებოდა განშორება და თანაც მემკვიდრეც გაუჩნდებოდა. ევროპული მენტალიტეტის მქონე და ქრისტიანულად აღზრდილმა სორაიამ კატეგორიული უარი განაცხადა ისეთ კაცთან ქორწინებაზე, რომელსაც სხვა ცოლიც ეყოლებოდა, რაც საბოლოოდ 1958 წელს მათი განქორწინებით დასრულდა.

რეზა ფეჰლევმა საყვარელ მეუღლეს პარიზში მდებარე საკუთარი რეზიდენცია აჩუქა, რომლის ღირებულებაც 3,000,000 აშშ დოლარი იყო. ამას გარდა, სორაიას დაენიშნა ყოველთვიური პენსია 7,000 დოლარის ოდენობით, რომელსაც მონარქიის დამხობის შემდეგაც კი იღებდა სიცოცხლის ბოლომდე.

სორაიას ჩამოერთვა დედოფლის წოდება, თუმცა შაჰის მოთხოვნით მას ირანის პრინცესის ტიტული მისცეს. ევროპაში ჩასული სორაია ცდილობდა საყვარელ მამაკაცთან განშორებით გამოწვეული სევდის გაქარვებას, რის გამოც მან მოკლევადიანი სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო. იგი რამდენიმე ფილმში გადაიღეს, თუმცა მალევე მობეზრდა ეს საქმიანობა.

პარიზში ცხოვრება და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სორაიას, მისი მშობლებისა და ძმის საერთო საფლავის ქვა მიუნხენში

პრინცესა სორაია პარიზში მონტენიეს 46-ე ავენიუზე ცხოვრობდა საოცრად მდიდრულ სახლში. იგი პერიოდულად დადიოდა პარიზის ელიტარულ ყრილობებზე, სადაც დაუმეგობრდა იტალიელ მასიმო გარგიას, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა, თუმცა ინტიმური ურთიერთობა არ ჰქონია, რადგან მასიმო ჰომოსექსუალი იყო. სორაია დარდის გასაქარწყლებლად ცდილობდა პარიზულ ახალგაზრდობასთან ერთად გართობას, მაგრამ ამაოდ. როგორც ცნობილია, იგი ხანდახან თავისი ბინის მახლობლად მდებარე ბარში დადიოდა დასალევად.

პარიზში მას თან ახლდა თავისი თეირანელი სეფექალი და ერთგული მეგობარი შამზირად ფირუზაბადიანი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი პარიზში ერთდროულად ცხოვრობდა, სორაია არასოდეს შეხვედრია ფარაჰ დიბას, ანუ რეზა ფეჰლევის მესამე ცოლს, რომელთანაც შეეძინა ნანატრი მემკვიდრე.

სორაია გარდაიცვალა 2001 წლის 26 ოქტომბერს პარიზში, საკუთარ ბინაში, 69 წლის ასაკში. მისი ანდერძის მიხედვით იგი გადაასვენეს და დაკრძალეს მიუნხენში, გერმანიაში, თავისი მშობლებისა და ძმის გვერდით, რომელიც მანამდე სულ რამდენიმე თვით ადრე დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ფლორისტმა ფრანსუა მეილანმა მის პატივსაცემად ვარდის ერთ-ერთ სახეობას დაარქვა „დედოფალი სორაია“.

წელი სათაური როლი ცნობები
1953 „იღბალსა და გვირგვინს შორის“ საკუთარი თავი გადაღებულია თავად სორაიასა და რეზას ურთიერთობაზე
1965 „სამი სახე“ საკუთარი თავი/ლინდა/მისის მელვილი გადაღებულია კომედიურ ჟანრში და მოიცავს სორაიას ცხოვრების აღწერას
1965 „ის“ საკუთარი თავი ფილმი ეძღვნება სორაიას იერუსალიმში ცხოვრების პერიოდს
1998 „ლეგენდარული“ საკუთარი თავი ფილმი იყოფა რამდენიმე ნაწილად და ეძღვნება რეზა ფეჰლევის ცხოვრებას
  • "Earlier Marriages Ended In Divorce. Deposed Shah of Iran". The Leader Post. AP. 29 July 1980. Retrieved 16 July 2013.
  • "Shah To Wed, Iran Hears". The New York Times. 10 October 1950. p. 12.
  • "The Tribune, Chandigarh". The Tribune. India. Retrieved 16 August 2010.
  • "Gifts for wedding". Daytona Beach Morning. Tehran. AP. 12 February 1951. Retrieved 23 July 2013.
  • "Wedding of Shah Postponed". The New York Times. 22 December 1950. p. 10.
  • "Teheran Awaits Wedding". The New York Times. 11 February 1951. p. 35.
  • "Iran's Shah To Wed In Splendor Today". The New York Times. 12 February 1951. p. 6.
  • Shah of Iran Wed in Palatial Rites, The New York Times, 13 February 1951, pg. 14
  • Soraya Arrives for U.S. Holiday", The New York Times, 23 April 1958, pg. 35.
  • Hofmann, Paul (24 February 1959). "Pope Bans Marriage of Princess to Shah". The New York Times. p. 1.
  • "Soraya Taking Screen Role", The New York Times, 8 October 1963, pg. 48.
  • I tre volti on IMDb
  • "Princess Soraya, ex-wife of the Shah of Iran, dies in Paris". Hello! Magazine. 25 October 2001. Retrieved 27 June 2008.
  • Milani, Abbas The Shah, London: Macmillan, 2011 page 213
  • Maier, Thomas (2013). "6". Masters of Sex. Basic Books.
  • "Iran Shah Divorces His Childless Queen". The New York Times. 14 March 195
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy