შინაარსზე გადასვლა

ჩეჩნეთის მეორე ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩეჩნეთის მეორე ომი

მასობრივი საფლავები ჩეჩნეთში
თარიღი


მდებარეობა ჩეჩნეთი, ჩრდილო კავკასია
შედეგი


მხარეები
რუსეთის ფედერაცია
პრო–რუსული ორიენტაციის ჩეჩნები
ჩეჩნეთი
კავკასიის სეპარატისტები
მუსლიმი მოჯაჰიდები
მეთაურები
ვლადიმერ პუტინი
იგორ სერგეიევი
ვიქტორ კაზანცევი
ასლან მასხადოვი
აბდულ-ჰალიმ სადულაევი
დოკუ უმაროვი
ძალები
სულ ცოტა 93.000 ჯარისკაცი 1999 წელს[1]
50,000-60,000 ჯარისკაცი 2006 წელს[2]
22,000 1999 წელს (რუსული წყაროებით)[3]
დანაკარგები
5,000–ზე მეტი (რუსული წყაროებით)[4] - [5] 14 113 დაღუპული[6]
მშვიდობიანი მოსახლეობა:
25,000 დაღუპული და 5,000 დაკარგული უშუალოდ ჩეჩნეთში. (Amnesty International)[7]
50,000 დაღუპული უშუალოდ ჩეჩნეთში (Society for Threatened Peoples)[8])
600-ზე მეტი დაღუპული ტერორისტული შეტევების შედეგად
ჩეჩნეთის მეორე ომი ვიკისაწყობში

ჩეჩნეთის მეორე ომი — შეიარაღებული კონფლიქტი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე და ჩრდილოეთ კავკასიის სასაზღვრო რეგიონებში, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციასა და ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკას შორის, 1999 წლის 26 აგვისტოდან 2009 წლის 16 აპრილამდე. 1999 წლის 7 აგვისტოს დაღესტნის რუსეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში ჩეჩენი პარტიზანული ძალები შევიდნენ. ნახევრად დამოუკიდებელი ჩეჩნეთისა და რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკის სასაზღვრო ტერიტორიაზე რამდენიმე თვიანი შეტაკებებისა და დაძაბულობის შედეგად, მეამბოხეებმა კონტროლი მოიპოვეს რამდენიმე სოფელზე და დაუპირისპირდნენ რუსულ ჯარს. დაახლოებით 2000 თვითგამოცხადებული ისლამისტი მეამბოხე ებრძოდა რუსული ჯარის მზარდ რაოდენობას. რუსეთის მთავრობამ გააძლიერა რეგიონში მყოფი 17 000 სამხედრო და აჯანყებულებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.[9] ადგილობრივმა მოსახლეობამ მეამბოხეებს მხარი არ დაუჭირა, რამაც რუსეთს მათი დაღესტნიდან გაძევების და ჩეჩნეთში დაბრუნების სტიმული მისცა. დაღესტნიდან გაძევების შემდეგ რუსული სამხედრო შენაერთები აჯანყებულებს ჩეჩნეთის ტერიტორიაზეც დევნიდნენ, რათა სეპარატისტული რესპუბლიკის არსებობისთვის ბოლო მოეღოთ. სასურველი მიზნის მისაღწევად რუსულმა მხარემ სასტიკი იერიში მიიტანა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოზე.

1999 წლის 5 ოქტომბერს რუსებმა ჩეჩნეთზე სახმელეთო შეტევა განახორციელეს. მათ მალევე გააცნობიერეს, რომ ჩეჩენ მეამბოხეებთან მძიმე ბრძოლაში ჩაერთნენ, რომლის უდიდესი ნაწილიც მთიან ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. დეკემბრის დასაწყისში მათ გროზნოზე მიიტანეს იერიში, რაც სრულიად განსხვავდებოდა 1994-1995 წლების ბრძოლისგან. 2000 წლის 10 იანვარს ჩეჩნებმა კონტრშეტევა დაიწყეს გროზნოს მხარდასაჭერად. ამ თავდასხმისას ჩეჩნებმა 26 რუსი სამხედრო მოკლეს, რაც მთელი ომის მსვლელობისას დღიური გარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო. აღნიშნულ ქმედებას რუსებმა ათასობით სამხედროს გამოგზავნით უპასუხეს, რის შედეგადაც გროზნო კვლავ მათი კონტროლის ქვეშ გადავიდა. 2003 წელს გაერომ მას „პლანეტის ყველაზე განადგურებული ქალაქის სტატუსი მიანიჭა.“[10]

გროზნოში რუსეთის გამარჯვებამ ჩეჩნეთის რესპუბლიკის დაშლა გამოიწვია. ჩეჩნეთი კვლავ რუსეთის დაექვემდებარა, თუმცა ფორმალური გამარჯვება აჯანყების დასრულებას სულაც არ ნიშნავდა. 2000-2009 წლებში ჩეჩნები აგრძელებენ აჯანყების ტალღას. ჩეჩნეთში კონტრშეტევითი ტალღის დასრულების შემდეგ ჩეჩენმა ტერორისტებმა თავდასხმითი ქმედებების განხორციელება რუსეთის ტერიტორიაზე განაგრძეს, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბესლანის ტრაგედია და დუბროვკას თეატრის მძევლების კრიზისი.

კონფლიქტის ისტორიული წინაპირობები

ჩეჩნეთი საბჭოთა ეპოქაში

ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქი 1920 წლის ნოემბერში, ბოლშევიკების მიერ შეიქმნა. 1934 წელს ის შეუერთდა ინგუშეთის ავტონომიურ ოლქს და შეიქმნა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც ორი წლის შემდეგ რესპუბლიკად გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, საბჭოთა კავშირის ლიდერმა, იოსებ სტალინმა, ჩეჩნებს და ინგუშებს ბრალად დასდო გერმანელებთან თანამშრომლობა. მისი ბრძანებით ორივე ეთნიკური ჯგუფი ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს, ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკა კი დაიშალა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ხრუშჩოვის მმართველობის პირობებში, მათ რეაბილიტაციის შესაძლებლობა მიეცათ, რასაც 1957 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკის აღდგენა მოყვა.

ჩეჩნეთის პირველი ომი

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამ ჩეჩნებში სეპარატისტული სული გააღვიძა და ამავე წლის აგვისტოში, ჩეჩენმა პოლიტიკოსმა და საბჭოთა კავშირის ყოფილმა საჰაერო ძალების გენერალმა, ჯოხარ დუდაევმა, ადგილობრივი კომუნისტური ხელისუფლების წინააღმდეგ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. ოქტომბერში დუდაევი ჩეჩნეთის პრეზიდენტად აირჩიეს, ნოემბერში კი მან ცალმხრივად გამოაცხადა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციისგან. 1992 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის დაშლის შედეგად ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა მივიღეთ: ჩეჩნეთი და ინგუშეთი. დუდაევი აგრესიულ ნაციონალისტურ და ანტირუსულ პოლიტიკას ატარებდა, რის გამოც ოპოზიციურმა ჯგუფებმა რუსეთის მხარდაჭერით არაერთხელ სცადეს მისი ჩამოგდება.

1994 წლის 11 დეკემბერს რუსული ჯარები ჩეჩნეთში შეიჭრნენ. ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსულმა ძალებმა 1995 წლის მარტში დედაქალაქი გროზნო აიღეს. 1996 წლის 21 აპრილს ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი რუსეთის დაბომბვებს ემსხვერპლა. დაღუპულთა რიცხვის ზრდასთან ერთად ომი რუსული მხარისთვის უფრო და უფრო არაპოპულარული ხდებოდა, ამიტომ ორივე დაპირისპირებული მხარე ცდილობდა, რომ საომარი მოქმედებები დასასრულისკენ წაეყვანათ. 1996 წლის 31 დეკემბერს, 8 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც ბორის ელცინის მრჩეველ, ალექსანდრე ლებედსა და ჩეჩნეთის წარმომადგენელ, ასლან მასხადოვს შორის გაიმართა, დაიდო ხასავიურტის ხელშეკრულება, რომლითაც ჩეჩნეთი დატოვეს რუსმა სამხედროებმა და ოფიციალურად დასრულდა ჩეჩნეთის პირველი ომი. ხელშეკრულება 2001 წლამდე კრძალავდა ჩეჩნეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ნებისმიერი ხელშეკრულების დადებას, თუმცა ეს პირობა სულ რაღაც 9 თვის თავზე დაირღვა. 1997 წლის 12 მაისს ახლადარჩეული ჩეჩნეთის პრეზიდენტი, ასლან მასხადოვი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ბორის ელცინთან ერთად სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ნიადაგის მომზადება მეორე ჩეჩნური ომისთვის

რადიკალების აღზევება ჩეჩნეთში

მასხადოვის არჩევნებში გამარჯვებამ და ჩეჩნეთიდან რუსული ჯარების გაყვანამ ვერ შეძლო რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარება. ომის შემდეგ რუსეთის მთავრობამ ჩეჩნეთი ეკონომიკურ იზოლაციაში მოაქცია, რაც ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურებისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. ერთადერთი რამ, რაც ყველა ჩეჩენს აერთიანებდა, რუსეთის სიძულვილი იყო. რუსული მხარის გასვლასთან ერთად მყიფე ალიანსებმა დაშლა დაიწყეს და ჩეჩნეთის უდიდესი ნაწილი ადგილობრივი მეომრების ხელში აღმოჩნდა. მასხადოვი ვეღარ ახერხებდა სიტუაციის მართვას. რუსეთის მიერ დატოვებული უკანონობა და იდეოლოგიური ვაკუუმი ჩეჩნებში ისლამის რადიკალურმა ფორმამ შეავსო.

ომის დასრულებისთანავე მეამბოხეთა ბანაკი არაერთ მცირე ჯგუფად დაიშალა, რომელთა შორის ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობდა ჯგუფი, რომელსაც შამილ ბასაევი მეთაურობდა. იგი მონაწილეობას იღებდა გროზნოს ისტორიულ დაცვაში, დაღესტნის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევებში, რითაც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხის სახელი მოიხვეჭა, რისი საშუალებითაც დიდი გავლენა ჰქონდა არა მხოლოდ ჩეჩნებზე, არამედ პრეზიდენტ მასხადოვზეც. ბასაევი გაერთიანდა ჩეჩნეთის ომის ისეთ მებრძოლებთან, როგორებიც იყვნენ იბნ ალ ხათაბი და სალმან რადუევი. ხათაბი უცხოელ ჯიჰადისტებს მეთაურობდა, რადუევს კი ჩეჩნეთის თვითგამორკვევაზე ბევრად უფრო დიდი მისწრაფებები ჰქონდა.

ჩეჩნეთში დასადგურებულმა უკანონობამ ხელი შეუწყო ქვეყანაში რადიკალური ისლამის აღზევებას. ისლამის სახელით ბასაევის დაჯგუფება უტევდა ყველას, ვინც წინააღმდეგობას უწევდა ისლამის დამახინჯებულ ფორმას, მათ შორის მუსლიმებსაც კი. ალ ხათაბის მსგავსი უცხოელი მებრძოლები ჩეჩნეთში ჩასახლდნენ, დაქორწინდნენ ადგილობრივებზე და დაიწყეს ტერორიზმის სასწავლო ცენტრების დაარსება, სადაც მათ მიერ მოდიფიცირებულ ისლამს ასწავლიდნენ. რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებულმა გამარჯვებამ ჩეჩნებში ნაციონალიზმისა და უპირატესობის გრძნობა გააღვიძა, რამაც ბასაევს კავკასიის გარშემო ისლამური სახელმწიფოს შექმნა შთააგონა. იმისთვის, რომ შეექმნა კოალიცია და პოლიტიკური სიტუაცია დაესტაბილურებინა, მასხადოვმა ბასაევის ხელში საკვანძო თანამდებობები გააერთიანა. სიტუაციის დასტაბილურების ნაცვლად, ბასაევმა საკუთარი ძალაუფლება და გავლენა იმისთვის გამოიყენა, რომ ისლამის რადიკალურ ფორმას ფესვები მყარად გაედგა ჯერ ჩეჩნეთში, შემდგომ კი ისეთ მეზობელ სახელმწიფოებში, როგორიც დაღესტანი იყო. მისმა რადიკალურმა მისწრაფებებმა სერიოზული განხეთქილება წარმოშვა მასსა და მასხადოვს შორის.

1996 წელს რუსეთი დანაშაულებრივი ქმედებების სერიამ მოიცვა, რაც გამოიხატა რიგითი მოქალაქეების გატაცებაში, მკვლელობაში, საცხოვრებელ და სარკინიგზო კომპლექსებზე მიტანილ იერიშებში. დრამატული სცენარის მიხედვით განვითარებულ მოვლენებში ბრალი ბასაევის უახლოეს გარემოცვას დასდეს. ჩეჩნეთი ისედაც მიიჩნეოდა კრიმინალურ სახელმწიფოდ, აღნიშნული მოვლენების შემდეგ კი ის არამარტო რუსეთის, არამედ მედიის თვალშიც იქცა ტერორისტების თავშესაფრად. ჩეჩენი სეპარატისტების შეჭრა დაღესტანში რუსეთზე განხორციელებულმა ტერორისტულმა თავდასხმებმა სათანადო გამოხმაურება ვერ ჰპოვა, რის გამოც ბასაევმა დაღესტანში შექმნა ბაზა, რათა წაექეზებინა ისლამური რევოლუცია. 1996 წლის შემდეგ ალ ხათაბი დაღესტანში დასახლდა და შექმნა ისლამური სამხედრო მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა დაღესტნის განთავისუფლებას რუსეთის ხელისუფლებისგან. უკიდურესი ისლამური ხედვები წინააღმდეგობას წააწყდა დაღესტანში-ადგილობრივმა საპოლიციო ძალებმა ჩეჩენი და დაღესტნელი მეამბოხეები განდევნა დაღესტნის ტერიტორიიდან და ჩეჩნეთში დააბრუნა. მოულოდნელი დამარცხების საპასუხოდ, 1999 წლის 2 აგვისტოს, ბასაევის ხელმძღვანელობით დაღესტანს დაახლოებით 2000 უცხოელი ჯიჰადისტი და მეამბოხე დაღესტნელი დაესხა. შეტევა მიზნად ისახავდა ისლამური სახელმწიფოს შექმნას. 1999 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, რუსეთისა და დაღესტნის გაერთიანებულმა ძალებმა საპასუხო თავდასხმა განახორციელოს ჩეჩნეთზე.

რუსეთ-ჩეჩნეთის ურთიერთობები მეორე ჩეჩნური ომის დაწყებამდე

ჩეჩნეთი ბევრი რუსი პოლიტიკოსისა და სამხედრო ლიდერისთვის პირველი ომის შემდეგ დაუმთავრებელ საქმეს წარმოადგენდა. 1996 წლიდან ჩეჩნეთი იქცა ტერორისტების თავშესაფრად, სადაც უკანონობა სუფევდა და გახდა ქვეყანა, რომელმაც არაერთი სამშვიდობო ხელშეკრულების პირობები დაარღვია. 1997 წლის თებერვალში, ხასავიურტის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა და რუსული სამხედრო შენაერთების მიერ ჩეჩნეთის ტერიტორიის დატოვების შემდეგ, ჩეჩნებმა რესპუბლიკის პრეზიდენტად ასლან მასხადოვი აირჩიეს. ხასავიურტის ხელშეკრულების პირობები პირველად ჩეჩნურმა მხარემ დაარღვია. ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის მიერ აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც მათ უნდა ებრძოლათ დანაშაულის, ტერორიზმის, ეროვნული და რელიგიური მტრებისთვის გამართული მანიფესტაციის წინააღმდეგ, არ შესრულდა. გარდა ამისა, 1996 წლიდან ეთნო-პოლიტიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობა ჩეჩნეთში გაუარესდა.

ამ პერიოდში რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდნენ ევგენი პრიმაკოვი და სერგეი სტეპაშინი. მათი სტრატეგია ორიენტირებული იყო მასხადოვთან აქტიურ მუშაობაზე, რომელიც საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი გახლდათ. როდესაც გენერალ ალექსანდრ ლებედის ინიციატივით რუსული მხარე ჩეჩნეთიდან გასვლას დათანხმდა, ჩეჩნურ მხარეს ისინი დიდ დახმარებას დაპირდნენ. დაპირება, რომელიც ომის შემდგომი ჩეჩნეთის აღდგენას და პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურებას ითვალისწინებდა, არ შესრულდა, რის შედეგადაც ჩეჩნეთში რადიკალიზმმა იმძლავრა. კრიმინალური ბანდებისა და ექსტრემისტული ჯგუფების ტერიტორიები თანდათან ფართოვდებოდა.

ადამიანთა გადატაცებების დაუსრულებელი სერია

1996 წლის დეკემბერში, რუსული ჯარების მიერ ჩეჩნეთის დატოვების შემდეგ, კავკასიის რეგიონი გატაცებების ტალღამ მოიცვა. მძევალთა უმეტესობა კავკასიის ჯარის ნაწილებში მყოფი რუსი წვევამდელები იყვნენ. გატაცებების მსხვერპლი არაერთი რუსი ჟურნალისტი, 60-ზე მეტი უცხოელი და თავად პრეზიდენტ ელცინის ელჩი ჩეჩნეთში, რომელიც 1998 წელს გაათავისუფლეს.

1999 წლის მარტში, რუსეთის მთავარი ელჩი ჩეჩნეთში და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალი გენადი შპიგუნი, გროზნოში მდებარე აეროპორტიდან გაიტაცეს. საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩეჩნეთის სასაზღვრო რეგიონში ჯარი შეიყვანა და ჩეჩნეთს ძალის გამოყენებით დაემუქრა, თუ არ გაათავისუფლებდნენ მძევალს. 2000 წლის 31 მარტს შპიგუნი გარდაცვლილი იპოვეს.

მასობრივ მკვლელობებს რამდენიმე ათასი უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. 1999 წლის ნოემბრის ბოლოსთვის რუსული მხარე აცხადებდა, რომ მოკლეს 4000-მდე აჯანყებული, თავად კი 187 სამხედრო დაკარგეს. ჩეჩნური მხარის განცხადებით, მათ რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო მოკლეს, თავად კი მინიმალური დანაკარგი ჰქონდათ.

მეორე ჩეჩნური ომის დასაწყისი და სტრატეგიული მიზნები

პირველი ომისგან განსხვავებით, რუსი პოლიტიკოსები და სამხედრო ლიდერები მეორე ჩეჩნურ ომს წარმოიდგენდნენ, როგორც სამართლიან ომს ტერორიზმისა და ტერორისტული სიმპატიების წინააღმდეგ. მრავალწლიანი ტერორისტული თავდასხმებისა და ჩეჩენი მეამბოხეების მიერ რუსეთში ჩადენილი არაერთი დანაშაულებრივი ქმედებისგან გადაღლილმა რუსულმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ომის წამოწყებას. რუსეთის მთავრობის და მასხადოვის არაერთმა ერთობლივმა მცდელობამ, დაერეგულირებინათ სიტუაცია, შედეგი ვერ გამოიღო, რაც მასხადოვის ძალაუფლების შემცირებამ განაპირობა.

1999 წელს რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ახალმა პოლიტიკურმა ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა დაიკავა. მან ძლიერი ანტიჩეჩნური კამპანია წამოიწყო, რაც გამოიხატა მის მიერ გაკეთებულ არაერთ ანტიჩეჩნურ და ანტიტერორისტულ განცხადებაში. ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის დამსახურებით, პუტინმა 1999 წლის 1 ოქტომბერს ჩეჩნეთზე სახმელეთო თავდასხმის ბრძანება გასცა.

მეორე ჩეჩნურ ომში რუსეთის სტრატეგიული მიზნები პირველი ომში არსებული სურვილების გაგრძელება იყო, რასაც ანტიტერორისტული პათოსი დაემატა. 3 მთავარი სამხედრო მიზანი უცვლელი დარჩა:

  1. რუსეთის მიერ ჩეჩნეთზე ხელახალი კონტროლის მოპოვება ნატოს ჩარევამდე;
  2. ჩეჩნური სეპარატისტული ჯგუფების გაანდგურება;
  3. ტერორისტული ოპერაციების შეჩერება.

რუსები აცნობიერებდნენ, რომ მათ ერთდროულად ორ ომში უწევდათ ბრძოლა:პირველი ომი სეპარატისტების წინააღმდეგ იყო, რომლებსაც დამოუკიდებლობის მოპოვება სურდათ, მეორე ომში კი ისინი რადიკალური ისლამის გავრცელების სურვილით შეპყრობილ ტერორისტებს ებრძოდნენ. პირველი ომის მსგავსი სამხედრო მიზნების მიუხედავად, მეორე ჩეჩნურ ომში რუსების მისია შეიცვალა.

ჩეჩნეთის მზაობა საომარი ქმედებებისთვის

რუსული წყაროების თანახმად, ჩეჩნების მზაობა 1999 წელს 1994 წლის მდგომარეობასთან შედარებით, ბევრად ნაკლები იყო. ჩეჩენმა ლიდერებმა სასწავლო ცენტრები შექმნეს, სადაც დაიქირავეს ასამდე უცხოელი ინსტრუქტორი და გამოცდილი ჩეჩენი მებრძოლები. სასწავლო ბანაკებს განსხვავებული ფუნქციები ჰქონდათ:ალოს აბუ ჯაფარი ორიენტირებული იყო პარტიზანული ტაქტიკის და სროლითი უნარების განვითარებაზე; იაკუბის ბანაკი დახელოვნებული იყო მძიმე იარაღში; აბუბაქარის ბანაკი ასწავლიდა დივერსიულ და ტერორისტულ ტაქტიკებს, დავლათის ბანაკი კი იდეოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ომზე იყო კონცენტრირებული.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, ჩეჩნები უსამა ბინ ლადენის მხარდაჭერით სარგებლობდნენ, რომელიც იემენიდან, ავღანეთიდანდა მეზობელი სახელმწიფოებიდან დაქირავებულ მეომრებს აგზავნიდა ჩეჩნეთის მიმართულებით. პაკისტანის ტერორისტული ჯგუფები და ბინ ლადენის ალ-კაიდამეომრების გაწვრთნით იყვნენ დაკავებულები.

დაღესტანში რუსული და ჩეჩნური ძალების დაპირისპირებისას ნათელი გახდა, რომ ჩეჩენი მეამბოხეები მზად იყვნენ საომრად. სოფლის რელიეფში არსებული გამოქვაბულები მათ ქვებით ამოავსეს და შექმნეს თავშესაფრები, რათა ნებისმიერი გზით თავი დაეღწიათ საჰაერო და სამხედრო თავდასხმებისთვის. სოფლებსა და ქალაქებში საბრძოლო პოზიციონირებისთვის ისინი შენობების ქვედა სართულებს და სარდაფებს იყენებდნენ. რუდიმენტული მაღაროები, რომლებიც მათ საბრძოლო პოზიციებზე შექმნეს ცხადყოფდა, რომ მებრძოლები პროფესიონალების მიერ იყვნენ გაწვრთნილები.

რუსეთის მზაობა საომარი ქმედებებისთვის

პირველი ჩეჩნური ომისგან განსხვავებით, მეორე ომისთვის რუსული არმია განსაკუთრებულად მომზადებული და ორგანიზებული იყო. 100 000-ზე მეტ რუს სამხედროს ჰქონდა როგორც საჰაერო, ასევე საარტილერიო მხარდაჭერა. განსხვავებით 1994 წელს, გროზნოში შეჭრისას ფრაგმენტულად ორგანიზებული რუსული ჯარისა, ამჯერად ისინი ბევრად უკეთ იყვნენ მომზადებულები საბრძოლველად. რუსული ძალები რუსეთის ელიტარული არმიის წევრებით იყო დაკომპლექტებული, რომელშიც შედიოდა:სპეცნაზი, საზღვაო ძალა და პარაშუტისტები, რომლებსაც ზურგს უმაგრებდა კარგადანაზღაურებადი, გაწვრთნილი და მომარაგებული რეგულარული არმია. 1998 წელს რუსებმა ფართომასშტაბიანი წვრთნა ჩაატარეს, რომელშიც დაახლოებით 15 000 სამხედრო იღებდა მონაწილეობას, რათა ჩეჩნეთისთვის მზაობა ჰქონოდათ.


ჩეჩნების დაღესტანში შეჭრამ დააჩქარა რუსული მხარის მიერ ჩეჩნეთის იზოლაცია და საჰაერო თავდასხმების დაწყება კრიტიკულ სამხედრო ობიექტებზე. პირველ ომში არასათანადო მომზადებისგან მიღებული მარცხი, რაც გამოიხატა სამოქალაქო პირებისთვის ძირითადი სერვისების ვერ უზრუნველყოფით, რუსული მხარისთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა. რუსეთის მთავრობამ იძულებით გადაადგილებული სამოქალაქო პირებისთვის შექმნა სასწრაფო დახმარების სამსახურები და ბანაკები, რომლებიც აქტიურად თანამშრომობდნენ ჰუმანიტარულ სააგენტოებთან, რათა სწრაფი პირველადი დახმარება გაეწიათ დაზარალებულებისთვის.

რუსული კამპანია პირველი ჩეჩნური ომის წარუმატებლობის გამოსწორებას ყველანაირად ცდილობდა. ის წარმოდგენილი იყო 5 ფაზით:

  1. ჩეჩნეთის იზოლაცია;
  2. ნელი სახმელეთო სვლა გროზნოს გარშემო;
  3. გროზნოს ალყაში მოქცევა;
  4. ჩეჩნეთში პრორუსული ხელისუფლების დაყენება;
  5. სამხედრო ოპერაციების დაწყება ჩეჩნური ტერორისტული ორგანიზაციების ნაშთების წინააღმდეგ.

სახმელეთო სვლა

სახმელეთო სვლა წარმოადგენდა მეთოდოლოგიურ თავდასხმას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რათა მიწასთან გაესწორებინათ ტერორისტების თავშესაფრები. როდესაც რუსული ძალები ქალაქებისა და სოფლების მსგავს ურბანულ დასახლებებს მიუახლოვდნენ, რუსმა ოფიცრებმა ოკუპანტებს ულტიმატუმი წაუყენეს:გადაეცათ მათთვის ჩეჩენი ტერორისტები, ან დაეტოვებინათ ტერიტორია. თუ სადაზვერვო ძალებს ურბანული ტერიტორიიდან ცეცხლს გაუხსნიდნენ, ისინი ხანძრის დახმარებით ყველაფერს მიწასთან გაასწორებდნენ.

რუსებმა ქვეითი ჯარებისგან დაცლილი ურბანული ტერიტორიების დასაკავებლად პრორუსული ჩეჩნური პოლიცია გამოიყენეს. ძალადობრივმა ქმედებებმა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ჩეჩენ მეომრებს, ბასაევის რადიკალებს და ზომიერ ჩეჩნებს შორის, რუსებს შესაძლებლობა მისცა, რომ ზომიერი ჩეჩნების დაქირავებით სიტუაცია დაერეგულირებინა. რუსეთის მთავრობამ ფულისა და ამნისტიის პროგრამის გამოყენებით ათასობით ზომიერი ჩეჩენი დაიქირავა, რათა ებრძოლათ რადიკალების წინააღმდეგ, ამჯერად უკვე რუსეთის მხარეს.

ბრძოლა გროზნოსთვის 1999 წელს, გროზნოსთვის წამოწყებულ ბრძოლაში რუსებმა ათასობით ჩეჩენი გააერთიანეს ბისლან განთამიროვის ხელმძღვანელობის ქვეშ. განთამიროვი გროზნოს ყოფილი მერი იყო, რომელიც დუდაევის წინააღმდეგ გაერთიანებულ ჩეჩნებს მეთაურობდა 1994 წლის სექტემბრის წარუმატებელ სახელმწიფო გადატრიალებაში. მეორე ჩეჩნურ ომში პრორუსი ჩეჩნებისა და 100 000-მდე რუსი სამხედროების კომბინაციამ რუს მეთაურებს შესაძლებლობა მისცა, ჩაეტარებინათ მრავალრიცხოვანი სამხედრო ოპერაციები და დაეკავებინათ ურბანული ტერიტორიები.

1999 წელს რუსებმა გროზნომდე მიაღწიეს, რაც სრულიად განსხვავდებოდა 1994 წლის შემთხვევისგან. ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება ქალაქის გრძელი ალყა იყო, რასაც თან ახლდა დაბომბვები და მძიმე არტილერია, რომლის ხმაც ჩეჩნეთის ჩრდილოეთ ნაწილამდეც კი აღწევდა. რუსი სამხედროები გროზნოს მისადგომებთან ოქტომბერში გამოჩნდნენ, დაბომბვები და საარტილერიო შეტევები კი დეკემბერში დაიწყეს. ამ პერიოდში ისინი გარეუბნებში არსებულ ძირითად ობიექტებს იცავდნენ და აჯანყებულების შეჩერებას ცდილობდნენ. ჩეჩნები თავის მხრივ რუსული უნიფორმებით ინიღბებოდნენ და არბევდნენ რუსულ ძალებს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ თავდასხმების ფონზე აცხადებდა, რომ გროზნოს გარეუბნებში არსებული სიტუაცია ქალაქზე თავდასხმის დასაწყისი იყო. ამ მოსაზრებას არ იზიარებდნენ რუსი პოლიტიკოსები. ისინი თვლიდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ გეგმა, რომლითაც თავდასხმას განახორციელებდნენ. ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ისინი სამუდამოდ უარს ამბობდნენ ამ შესაძლებლობაზე.

დეკემბრის შუა რიცხვებში, გროზნოში, რუსი სამხედროებით დაკომპლექტებული მრავალრიცხოვანი არმია შევიდა. მათ უპირველესად სახანძრო მისიების გამოყენებით შეამოწმეს დაზვერვის ეფექტურობა, რათა შეეფასებინათ წინააღმდეგობის ძალა. ერთ-ერთი ასეთი ქმედება დასავლურმა მედიამ ქალაქზე თავდასხმად შეაფასა. რუსეთის ხელისუფლება მოქალაქეებს უსაფრთხო დერეფნების გამოყენებით ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებდა, რაც იმას მოასწავებდა, რომ წინ რაღაც სერიოზული იყო. ხელისუფლების უარყოფის მიუხედავად, 23 დეკემბრიდან ნათელი იყო, რომ გროზნოზე სრულმასშტაბიანი შეტევა ხორციელდებოდა.

რუსული შეტევები მეტწილად ეყრდნობოდა რუსეთის მოკავშირე ჩეჩნურ საპოლიციო სისტემას, ბესლან განთამიროვის ხელმძღვანელობით, რომელიც გროზნოს ყოფილი მერი იყო. ის გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს და სასჯელი რუსეთში მოიხადა. 1994 წელს განვითარებული მოვლენების დროს ის კონტრევოლუციურ ჯარს სარდლობდა, რომლის მიზანიც რუსეთისთვის გროზნოს გადაცემა იყო. 1999 წელს ის შეიწყალეს და ახალი შანსი მისცეს. განთამიროვის მოკავშირეები იმედოვნებდნენ, რომ გამარჯვებას ერთ კვირაში მოიპოვებდნენ, საჯარო გამოსვლებში კი აცხადებდნენ, რომ დეკემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისადმე გროზნოს მთელ ტერიტორიას და მნიშვნელოვან ობიექტებს დაიკავებდნენ. განთამიროვის პოლიციის გარდა, რუსეთის თავდამსხმელი ძალა ქალაქის სიდიდის შესაბამისად 4000-5000 კაციანი იყო, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე კი 100 000-ზე მეტი სამხედრო იყო წარმოდგენილი. მასში წარმოდგენილი იყო:ორი MVD ბრიგადა, ტანკებით აღჭურვილი არმიის ლეგიონი, არტილერია, საჰაერო თავდასხმა და სპეცნაზის კომპონენტები. მასში ასევე შედიოდნენ სნაიპერები, დივერსანტები და NBC ჯარები.

რუსებმა მალევე შეაფასეს მოწინააღმდეგის ძალა. ჩეჩნები წარმოდგენილები იყვნენ 2000-2500 კაცით. მათ ხელთ იყო არაერთი მრავალფეროვანი იარაღი, ჯავშანტექნიკა და მექანიკური მანქანები, გრადის სარაკეტო დანადგარები, 152მმ ჰოიზერები, 120მმ ნაღმმტყორცნები და საჰაერო თავდაცვის რაკეტები.

1999 წელს გროზნოზე განხორციელებული თავდასხმა ბევრად უფრო კარგად იყო დაგეგმილი, ვიდრე 1994 წელს. რუსული სტრატეგიის თანახმად, ქალაქი 15 სექტორად დაიყო. თხუთმეტივე სექტორში სათითაოდ უნდა შეემოწმებინათ წინააღმდეგობის დონე, რასაც მოყვებოდა საარტილერიო და საავიაციო თავდასხმა საფრთხისშემცველ ტერიტორიებზე. ამის შემდეგ ნაღმმტყორცნებისა და სნაიპერის ცეცხლის გამოყენებით გამნაღმველები რუსული სპეცსამსახურისთვის შექმნიდნენ დერეფანს. მათ წინ განთამიროვის პოლიცია მიუძღვოდა, რომელსაც ძირითად წერტილებზე უნდა აეღო კონტროლი. გეგმის თანახმად, ომის დასასრულს, ჩეჩნეთში რუსეთის ძალაუფლება ობობის ქსელივით უნდა გავრცელებულიყო. რუსული გეგმის ავტორები იმედოვნებდნენ, რომ აღნიშნული ობობის ქსელი მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მეამბოხე ძალების გადაადგილებას და საარტილერიო ძალებისა და ქარიშხლის რაზმების წინაშე ისინი სრულიად დაუცველები გახდებოდნენ.

რუსული ქარიშხლის რაზმები მაქსიმალურ მოქნილობასა და მობილურობაზე იყო გათვლილი. თითოეული რაზმი, როელიც სამი ჯარისკაცისგან შედგებოდა, აღჭურვილი იყო RPG– ით, ავტომატური თოფით და სნაიპერული თოფით. მათ მხარს უჭერდა ავტომატური იარაღით შეიარაღებული ორი დამატებითი ჯარისკაცი.

ბრძოლის პირველ დღეებში ძალები ნელა მოძრაობდნენ. ქალაქში შეყვანილი ტანკები ზურგს უმაგრებდნენ ქარიშხლის რაზმებს. ტერიტორიაზე განლაგებულ არაერთ სნაიპერს მხარს სპეცნაზი უჭერდა, თავდაცვის მინისტრმა იგორ სერგეევმა საჯაროდ დააფიქსირა მსხვერპლთა რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანის სურვილი. სამხედრო შენაერთებს ნაბრძანები ჰქონდათ, რომ მაქსიმალურად აერიდებინათ თავი მჭიდრო ბრძოლებისთვის.

გროზნოს მისადგომებთან რუსი სამხედროების გამოჩენიდან ერთი წლის თავზე, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ქალაქის გარშემო არსებული აჯანყებულთა თავდაცვის პირველი ხაზი დაარღვეული იყო. რეგულარულ MVD ჯარებს თან ახლდნენ SOBR და OMON დანაყოფები. მათი მისია მტრის წინააღმდეგობის დარჩენილი ნაშთების გაანდგურება იყო. მალე ცნობილი გახდა, რომ დასავლეთიდან გადაადგილებულმა MVD ჯარებმა დაიმორჩილეს სტაროპრომისლოვკისა და ზავოდის რეგიონები. განთამიროვის ძალები სწრაფად გამოჩნდნენ ქალაქის ცენტრში.

2000 წლის დეკემბრის ბოლოსთვის, რუსული მხარის განცხადებით, ფედერალური ძალების ხელში აღმოჩნდა ძველი სუნჯას რეგიონი და ასევე მდინარე სუნჯას მთავარი ხიდი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ყოველივე მტერთან უშუალო დაპირისპირების გარეშე მოხერხდა. მალე ნათელი გახდა,რომ რუსული მხარის განცხადებებს გადაჭარბებულად ოპტიმისტური ხასიათი ჰქონდა და გამარჯვება არც ისეთი მარტივი იყო, როგორც თავიდან იმედოვნებდნენ. გროზნოს ბრძოლა თანდათან უფრო სასტიკი ხდებოდა. მეამბოხეების მიდგომა 1994-1996 წლების მსგავსი იყო და ძირითადად ჩასაფრებულ ძალებს ეყრდნობოდა. რუსული მხარე იმედებს ტანკებზე ამყარებდნენ, რადგანაც თვლიდნენ, რომ ჩეჩნები მსგავს ტექნიკას არ ფლობდნენ.

ჩეჩნებისთვის და მათი მხარდამჭერი ძალებისთვის კვლავ უდიდეს პრობლემად რჩებოდა ომში მათი ძმების დახოცვა. ამას ემატებოდა მათი გაზრდილი წინააღმდეგობის დონე, რაც მოსალოდნელზე უკეთ იყო მომზადებული. რუსეთის განცხადებით, მტერს დიდი მსხვერპლი ჰქონდა, რეალურად კი მეამბოხეთა რიცხვი თანდათან იზრდებოდა. მიუხედავად მზარდი რაოდენობისა, ნათელი იყო, რომ მათ მომარაგებისა და გამაგრების პრობლემა ჰქონდათ. რუსული ობობის ქსელი უკვე დაგეგმილი იყო, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებები კი პოზიციური და ძვირადღირებული იყო. იანვრის საბრძოლო მოქმედებების უმეტესი ნაწილი მიმართული იყო რუსეთის მცდელობაზე, კონტროლი მოეპოვებინათ მინუტკას ცენტრალურ მოედანზე, საკონსერვო ქარხანაზე, მდინარე სუნჯას ხიდსა და სტაროპრომისლოვსკის რეგიონზე. მინუტკასთვის გაჩაღებული ბრძოლა სისხლიანი იყო. ორივე მხარე სტრატეგიულად მომგებიანი ხუთ და ცხრა სართულიანი სიმაღლეების დაკავებას ცდილობდა. ერთ-ერთი გამოცემის ცნობით, რუსული ძალა სამ ჯგუფად გაიყო, რათა სამი ამ ტიპის შენობა დაეკავებინათ.

გროზნოში გაჩაღებული მძიმე ბრძოლების შემდეგ, 2000 წლის 2 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჩეჩენი აჯაყებულები მანქანით გაქცევისას დანაღმულ ველებზე აფეთქდნენ. რუსულმა მხარემ ბრალდება უარყო. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ეს იყო ჩეჩნების სტრატეგიული ხრიკი. რამდენიმე დღეში ისტორია შეიცვალა. ამჯერად რუსები ოფიციალურად ალაპარაკდნენ, რომ ეს იყო ეფესბეს მიერ კარგად ორგანიზებული ოპერაცია, სახელწოდებით ,,მგელზე ნადირობა’’. ერთ-ერთი აგენტის თქმით, მან დავალების შესასრულებლად 100 000 დოლარი მიიღო. რუსულმა რადიოგადაცემებმა ამბოხებულები დაარწმუნეს, რომ რუსული ძალები დასავლეთიდან სამხრეთისკენ გადაადგილდებოდნენ, მეამბოხეთა მცირე ჯგუფს კი სპეციალურად მომზადებული ბილიკის საშუალებით მშვიდად შეეძლოთ ქალაქის დატოვება. წასასვლელად მომზადებულმა ჩეჩნებმა გაანალიზეს, რომ გზა დანაღმული იყო, ირგვლივ ყველგან რუსი სამხედროები იყვნენ, ათეულობით ვერტმფრენი კი მათ დამიზნებით ესროდა. რუსეთის ცნობით ინცინდენტს 1400 აჯანყებული ემსხვერპლა. თებერვლის ინცინდენტმა გროზნს ბრძოლა დასარულისკენ წაიყვანა. რუსმა ხელმძღვანელებმა თებერვლის შუა რიცხვებისთვის გროზნო დახურულად გამოაცხადეს. ბრძოლის ოფიციალურად დასრულების მიუხედავად, მცირე ტიპის თავდასხმები 2000 წლის აპრილამდე გაგრძელდა. მეამბოხეთა გარკვეულმა ნაწილმა ქალაქი დატოვა, დარჩენილი ნაწილი კი უბრალოდ მიწისქვეშ ჩავიდა. ქალაქი გროზნო საგარეო ვაჭრობისთვის დაიკეტა, პრესაზე არსებული შეზღუდვები კი გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში თავისუფლად გადაადგილება სამხედრო პერსონალისთვისაც შეიზღუდა, გარკვეული აკრძალვების მიუხედავად მათთვის სპეციალურად გამოიყო დრო, როდესაც შეეძლოთ თავისუფლად მიმოსვლა.

ბრძოლა ჩეჩნური სეპარატიზმის წინააღმდეგ

2000 წლის თებერვალში მოპოვებულმა სამხედრო უპირატესობამ გროზნო ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადა და რუსებს შესაძლებლობა მისცა, გაეძლიერებინათ ბრძოლა ჩეჩენი სეპარატისტების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაციების გამო არაერთმა ჩეჩენმა სამოქალაქო პირმა დაიწყო რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს ფაქტი სეპარატისტული ძალებისთვის ბევრს არაფერს ცვლიდა, რადგანაც მათ აღარ ჰქონდათ საზოგადოებრივი მხარდაჭერა. პირველ და მეორე ჩეჩნურ ომებს შორის არსებულ პერიოდში, რადიკალებსა და ზომიერ ჩეჩნებს შორის გაჩაღებულმა ბრძოლამ, დაარღვია ჩეჩნური წინააღმდეგობის ძირითადი კომპონენტი რუსეთის წინააღმდეგ-გაერთიანებული მოსახლეობა. ჩეჩნური წინააღმდეგობა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ არაორგანიზებული იყო გაერთიანებული საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე, რის გამოც არაერთი ჩეჩენი იძულებული გახდა, რომ გასცლოდა ურბანულ ტერიტორიას და თავშესაფარი მთებსა და ტყეებში ეპოვათ.

რუსული კამპანია ჩიხში შევიდა, რადგანაც ვერ შეძლო ტერორისტებად წოდებული დარჩენილი სეპარატისტების განადგურება, რომლებიც არ წყვეტდნენ გაფიცვებს და რუსების მასობრივ მკვლელობებს. რუსულმა მხარემ იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა ტერორისტების მიერ განადგურებული სოფლების გაწმენდა და ჩეჩნების წინააღმდეგობის განადგურება. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული საზოგადოება წინააღმდეგობას მხარს არ უჭერდა, რუსებს გააზრებული ჰქონდათ, რომ წინააღმდეგობა გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ჩეჩნეთის მოსახლეობა მხარს დაუჭერდა მათ მიერ ლეგიტიმურად აღქმულ ადგილობრივ ხელისუფლებას.

პუტინის პოლიტიკა ჩეჩნეთის ომში

ჩეჩენიზაციის პოლიტიკა

2000 წლის მარტში, ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდა. არჩევნებმა პუტინს ომის კურსის შეცვლის შესაძლებლობა მისცა. მან ჩეჩენიზაციის პოლიტიკა წამოიწყო:სამთავრობო და სამხედრო კამპანიაზე ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ჩეჩნებს დააკისრა. ამნისტიის პროგრამამ ზომიერ მდგომარეობამდე მიიყვანა არაერთი ჩეჩენი, მათ შორის ყოფილი სეპარატისტი ლიდერი, მუფთი ახმან კადიროვი, რომელმაც 1995 წელს საღვთო ომი გამოაცხადა. ის ტრაიბალური ლიდერი და მთავარი რელიგიური ფიგურა გახდლათ, რომელიც ათასობით მებრძოლის მხარდაჭერით სარგებლობდა. კადიროვი ღიად უპირისპირდებოდა ბასაევის ისლამის ექსტრემისტული ფორმის გავრცელებასთან დაკავშირებულ რადიკალურ მისწრაფებებს.

2000 წლის ივნისში, პუტინმა ჩეჩენიზაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და კადიროვი ჩეჩნეთში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა. კადიროვის სამხედრო ძალა ათი ათასობით რუს სამხედროსთან ერთად აგრძელებდა ანტიტერორისტულ კამპანიას, თუმცა ვერ შეძლო ჩეჩნეთის მთებსა და მეზობელ სახელმწიფოებში მყოფი სეპარატისტების განადგურება. უსაფრთხოების მიზნით რუსული მხარე ადგილობრივ მოსახლეობას ოკუპანტებთან გაერთიანებას აიძულებდა. საუკეთესო შემთხვევაში მოსახლეობა ნეიტრალურ მდგომარეობას ინარჩუნებდა და რუსეთის ქმედებების სიძულვილს განაგრძობდა. ადგილობრივ ხელისუფლებას არავითარი ძალაუფლება არ გააჩნდა, რადგან კადიროვი არა ჩეჩენმა ხალხმა, არამედ რუსეთმა აირჩია.

სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების მცდელობა

2001 წლის ბოლოდან რუსეთის ხელმძღვანელობამ დაიწყო იმის გაანალიზება, რომ მტრებზე ორიენტირებული გეგმა წარუმატებელი იყო, ამიტომ მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება დაიწყო მასხადოვის მთავრობის წარმომადგენლებთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნური და რუსული ძალები სიტუაციის დასტაბილურებისთვის სამხედრო ოპერაციებს აგრძელებდნენ, 2002 წლის ზაფხულში, ევროპაში ჩატარდა სამშვიდობო კონფერენცია, რათა მოსკოვში სასწრაფოდ დაწყებულიყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. კონფერენციაზე ერთმანეთს ჩეჩნეთის, რუსეთის და ამერიკის წარმომადგენლები შეხვდნენ და შეიმუშავეს კომპრომისული მშვიდობის გეგმა, რომელიც ჩეჩნეთში ეროვნული არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა. როდესაც ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ მასხადოვის მეთაურობით უარი თქვა რუსეთის მთავარ მოთხოვნაზე-ბასაევისგან გამოყოფაზე, მოლაპარაკებები მოულოდნელად დასრულდა.

პუტინის სამშვიდობო გეგმა

2002 წლის 22 ნოემბერს, პუტინმა მის მიერ შემუშავებული მოსახლეობაზე ორიენტირებული გეგმა წარადგინა. გეგმის ორმა ნაწილმა, საკონსტიტუციო რეფერენდუმმა და საპრეზიდენტო არჩევნებმა, სცადა რუსეთის მიერ ხელდასმული ჩეჩენი ლიდერის ზურგს უკან ჩეჩნეთის მხარდაჭერის განმტკიცება. რუსული ხელმძღვანელობა გეგმის ორივე ეტაპს მკაცრად აკონტროლებდა, რასაც მრავალი საერთაშორისო სააგენტოს პროტესტი და მათ მიერ არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა მოყვა. რუსეთის საარჩევნო კომისიამ ბათილად სცნო მოქალაქეების ხმები, რომლებმაც მხარი სეპარატისტულ ძალებს დაუჭირეს. მთელი რიგი დარღვევების მიუხედავად, კადიროვის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა ლეგიტიმურობის მზარდი გრძნობა ჩეჩნეთის მთავრობისადმი. 2004 წლის მაისში, ბასაევის სექტის თავდასხმის შედეგად კადიროვი გარდაიცვალა.

ტერაქტების დაუსრულებელი სერია

თავდასხმა დუბროვკას თეატრზე

ბასაევის სექტამ მშვიდობა მუქარად აღიქვა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მათ მთავარ მიზანს-თავისუფალი ისლამური კავკასიის სახელმწიფოს შექმნას. 2002 წლის ოქტომბერში, მოსკოვში, დუბროვკას თეატრში, პოპულარული პიესის ,,ნორდ ოსტის’’ მსვლელობისას თეატრში ჩეჩენი მეამბოხეები შეიჭრნენ, რომლებიც საკუთარ თავს სამხედრო ისლამისტ სეპარატისტებად აღიქვამდნენ. მეამბოხეებმა 850 ადამიანი აიყვანეს მძევლად, მათი განთავისუფლების სანაცვლოდ კი მეორე ჩეჩნური ომის დამთავრებას და ჩეჩნეთის ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ძალის გაყვანას მოითხოვდნენ.

ორ დღიანი ორმხრივი უმოქმედობის შემდეგ, რუსულმა სამხედრო ძალამ თეატრში გაურკვეველი წარმომავლობის გაზი გაუშვა, რათა მეამბოხეებს ცნობიერება დაეკარგათ. იმ დროისთვის, როდესაც თეატრში ხილვადობა აღდგა, 129 მძევალი და 39 თავდამსხმელი გარდაცვლილი იყო. ნამდვილი ჩეჩნური პრობლემა სწორედ ახლა იწყებოდა.

ბესლანის ტრაგედია

ჩეჩნეთში საზოგადოებრივი მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ, ბასაევის სექტამ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით რუსეთში ტერორისტული თავდასხმების სერია განაგრძო. 2004 წლის 1 სექტემბერი პირველი სასწავლო დღე იყო ქალაქ ბესლანის მაცხოვრებლებისთვის, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში მდებარეობს და დაახლოებით 37 000 მცხოვრები ყავს. სკოლის სადღესასწაულო ღონისძიების გახსნის შემდეგ მალევე, სკოლის ტერიტორია ისლამისტმა სეპარატისტებმა დაიკავეს. ტერორისტებმა სკოლაში მყოფ ყველა ადამიანს ერთად მოუყარეს თავი, რომელთა შორისაც იყვნენ მშობლები და პატარა ბავშვები, რომლებიც სკოლის ღონისძიებაზე საკუთარი და-ძმების სანახავად იყვნენ მოსულები. ისინი სამი დღის განმავლობაში აუტანელი სიცხის, საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ ტყვეობაში. საბოლოოდ, რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სკოლის შენობაზე. ტერორისტებმა იგრძნეს მოსალოდნელი საფრთხე და შენობა ასაფეთქებელი ნივთიერებებით ააფეთქეს. აფეთქებას ერთი ტერორისტის და 334 მძევლის სიცოცხლე ემსხვერპლა, საიდანაც 186 ბავშვი იყო.

ტერაქტმა ნათლად აჩვენა, რამდენად სასოწარკვეთილ ტერორისტებად იქცნენ დარჩენილი სეპარატისტები. ბასაევის მიერ განხორციელებული და მასხადოვის მიერ მხარდაჭერილი თავდასხმის მიზანი ბავშვების მძევლებად აყვანა იყო, რათა მათი საშუალებით რუსეთის ხელმძღვანელობასთან თავისუფალი ჩეჩნეთის სტატუსთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ეწარმოებინათ. მოულოდნელი თავდასხმისგან შეშინებულმა ოსებმა დახმარება გაუწიეს რუსეთის მცდელობებს, გაეთავისუფლებინათ უდანაშაულო ბავშვები. ბესლანის ტრაგედია ერთ დროს გმირებად წოდებული ბასაევის გარემოცვისთვის ღამის კოშმარად იქცა, რის შედეგადაც მათ დარჩენილი მცირე საზოგადოებრივი მხარდაჭერაც კი სრულად დაკარგეს.

შავი ქვრივები-ჩეჩენი თვითმკვლელი ტერორისტები

ჩეჩენ ქალ ტერორისტებს შავი ქვრივები რუსულმა და საერთაშორისო პრესამ მას შემდეგ უწოდა, რაც ცნობილი გახდა, რომ თავდასხმებს შურისძიების მიზნით ახორციელებდნენ, რადგანაც სამხედრო კონფლიქტებს მათი ქმრების, შვილების და ძმების სიცოცხლე შეეწირა. ჩეჩნეთის საყოველთაოდ ცნობილი შავი ქვრივები 2000 წლის 7 ივნისს გააქტიურდნენ, როდესაც პირველი ჩეჩენი ქალი ტერორისტები-ხავა ბარაიევა და ლუიზა მაგომადოვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე სატვირტო მანქანით რუსეთის სპეციალური ძალების დროებით შტაბში შეიჭრნენ, რომელიც სოფელ ალხან იურტში მდებარეობდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, 5 კი მძიმედ დაშავდა. აქედან მოყოლებული, ჩეჩენმა ქალმა ტერორისტებმა 22-დან 27-მდე ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ყველა მათანი ჩეჩენ მეამბოხეებს მიეწერა. იმ დროისთვის ცნობილი 110 ტერორისტიდან 47 ქალი იყო.

გარიგება ეშმაკთან - რამზან კადიროვი

კადიროვის მოსვლა ხელისუფლების სათავეში

ვლადიმერ პუტინი ყველანაირად ცდილობდა რუსული სამხედრო ნაწილის ჩეჩნეთიდან გამოყვანას. თავდაპირველად მოლაპარაკებებს ახმად კადიროვთან აწარმოებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მოლაპარაკებების სერია მის ვაჟთან, რამზან კადიროვთან გაგრძელდა. მსხვერპლთა რიცხვის ზრდასთან ერთად ომის საზოგადოებრივი მხარდაჭერა მცირდებოდა. რუსეთის პირდაპირი ინტერვენციის შეჩერების დრო მოვიდა. გზა, რომლითაც პუტინი დასახულ მიზანს მიაღწევდა, გადიოდა ჩეჩნეთისთვის ისეთი ლიდერის არჩევაზე, რომელსაც კრემლთან მეგობრული დამოკიდებულება ექნებოდა და შეასრულებდა მოსკოვის ბრძანებებს. გარდა ამისა, ის უნდა ყოფილიყო მუსლიმი და ეთნიკურად ჩეჩენი. ახმად კადიროვთან დაწყებული საქმე მის შვილს უნდა გაეგრძელებინა.

2007 წლის თებერვალში, პუტინის კურთხევით ჩეჩნეთის პრეზიდენტი 30 წლის რამზან კადიროვი გახდა. მისი სიტყვა ჩეჩნებისთვის კანონია, ხოლო ვინც მას არ ემორჩილება, უგზო-უკვლოდ უჩინარდება. ის ერთდროულად სიცოცხლის გამანადგურებლად და ჩეჩნეთის მხსნელად მიიჩნევა, რომელიც 14 წლიდან მამამისთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. კადიროვი მამის გზას გაყვა-განუდგა მეამბოხეებს და კრემლის მხარეს გადავიდა. ამგვარი ცვლილება მისი მომხრეებისთვის კურიოზული, კრემლისთვის კი შემაშფოთებელი აღმოჩნდა. ადამიანი, რომელმაც ერთხელ უღალატა მოკავშირეებს, მოსალოდნელი იყო, რომ ამას კვლავ გაიმეორებდა. 2009 წლიდან კადიროვი უფრო და უფრო მეტ ფულს ითხოვდა რუსეთისგან, გროზნოს განადგურებაში კი მეამბოხეების ნაცვლად რუსებს ადანაშაულებდა.

პიროვნების კულტი

გარკვეულ წრეებში კადიროვს ჩეჩნეთის მეომარ მეფედ მოიხსენიებენ, სხვაგან კი მონსტრად და კრიმინალად რაცხავენ. თავად კადიროვი საკუთარ თავს ჩეჩნეთის ჩეს უწოდებს.

კადიროვის პირადი ოფისი გროზნოსა და მოსკოვის ურთიერთობის ილუსტრაციაა. ის წარმოდგენილია ჩეჩნეთისა და რუსეთის დროშებით, რასაც ემატება ჩე გევერას, ვლადიმერ პუტინის და მამამისის-ახმად კადიროვის ფოტოები. ახმედი, ჩეჩენი მეამბოხე, შემდგომში კი კრემლის დიდი მეგობარი, იყო ჩეჩენი, მუსლიმი და ძლევამოსილი-ყველაფერი ის, რისი მიღწევაც რამზანს სურს.

ძალადობრივი რეპუტაციის მიუხედავად, კადიროვი რუსეთის გმირობის მედლითაა დაჯილდოვებული, რომელიც ჩეჩნეთის ომში შემოტანილი სიმშვიდისთვის გადასცეს. მისი მმართველობის პირობებში რუსული ბომბებისგან დატოვებული ფერფლიდან აღდგა ევროპის უდიდესი მეჩეთი. ტერორისტებისა და მეამბოხეების მიმართ კადიროვის დამოკიდებულება კარგად ჩანს მის სიტყვებში:

ვიკიციტატა
„ჩემი მიდგომა მარტივია. ყველა, ვინც ხალხს მშვიდობას ურღვევს, უხეშ მოპყრობას იმსახურებს, სასტიკსაც კი“

ამ პოზიციის გამო კადიროვი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვირვების ობიექტად იქცა. ძალიან ბევრი ადამიანი მას ღიად ადანაშაულებს ნოვაია გაზეტას ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას და უფლებადამცველ, ნატალია ესტემიროვას მკვლელობაში, რომლებმაც ღიად გააკრიტიკეს კრემლი და კადიროვის რეჟიმი. კადიროვი ბრალდებებს უაზრობასა და სისულელეს უწოდებს.

კადიროვისა და პუტინის ტანდემი

რამზან კადიროვის ძალაუფლების მთავარი წყარო ვლადიმერ პუტინია, რის გამოც კადიროვი მას უდიდეს პატივს სცემს. მან ეს არაერთხელ დაამტკიცა, თუმცა ყველაზე თვალსაჩინოდ საკუთარი დამოკიდებულება მაშინ გამოხატა, როდესაც მეორე ვადით აირჩიეს ჩეჩნეთის პრეზიდენტად. მან უარი თქვა პრეზიდენტის სტატუსზე და მის ნაცვლად ჩეჩნეთის მეთაურის წოდება მიიღო, რაც შემდეგნაირად ახსნა:

ვიკიციტატა
„ქვეყანას მხოლოდ ერთი პრეზიდენტი უნდა ყავდეს. ჩეჩნეთი არაა ავტონომიური რეგიონი, ის რუსეთის ნაწილია“

რამზან კადიროვი პუტინის პერსონალური არჩევანი იყო იმისთვის, რომ ომის მსვლელობისას ჩეჩენიზაციის პოლიტიკა განეხორციელებინა. ამის გამო ის პუტინის დაქვემდებარებაში და სრულ კონტროლშია. ჩეჩნეთის მშვიდობიან და სტაბილურ მომავალს კადიროვისა და პუტინის ალიანსის სიმტკიცე განსაზღვრავს.

მედიის როლი ჩეჩნეთის მეორე ომში

პრეზიდენტ პუტინის მიდგომა ჩეჩნეთისადმი ელცინისგან დიდად არ განსხვავდებოდა. პუტინი საფუძვლიანად იყენებდა მედიას იმისთვის, რომ შიდა აუდიტორიისთვის კონფლიქტი და რუსეთის პოზიცია ისეთ ჩარჩოში მოექცია, როგორშიც მას სურდა. 1999 წელს ჩეჩნეთის სახეს ქმნიდა ტერორიზმი, ადამიანის გატაცება და კრიმინალი. პუტინმა ამით კარგად ისარგებლა. რუსეთის ინტერვენციას ქვეყნის შიგნით და მის გარეთ იმაზე დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს, ვიდრე ეს ჩეჩნეთის პირველი ომის შემთხვევაში იყო.

თუკი ელცინი უმნიშვნელოდ არეგულირებდა მედიის საქმიანობას ჩეჩნეთში, პუტინის მმართველობის პირობებში ყველაფერი შეიცვალა. გაძლიერდა და გამკაცრდა კონტროლი არამხოლოდ იმ მოხსენებებზე, რომელიც ჩეჩნეთიდან გამოდიოდა, არამედ იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც ჩეჩნეთში ჩადიოდნენ. არაერთი ჟურნალისტი ჩეჩნეთში ვიზიტს სადღესასწაულო ტურად მოიხსენიებდა, რადგანაც მათდამი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ და თითქმის მთელი დროის განმავლობაში მარტო დარჩენის საშუალებას არ აძლევდნენ.

კრემლმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოქალაქეებს რაც შეიძლება ნაკლები კითხვა გასჩენოდათ და რუსეთის სასწრაფო სამხედრო ჩარევა აუცილებელ მოცემულობად ჩაეთვალათ, რაც ხაზს გაუსვამდა ჩეჩნეთში არსებულ მძიმე ვითარებას. პუტინმა პრესით მანიპულირება ქვეყნის შიგნით წარმატებულად შეძლო. 1999 წლის შემოდგომაზე მოსახლეობის 75 პროცენტი მხარს უჭერდა რუსეთის ინტერვენციას. ომის დასასრულს მაჩვენებელი 60 პროცენტამდე დავიდა, რაც დაღუპულებისა და განადგურების მაღალმა ხარისხმა განაპირობა.

უცხოეთში არსებული წინააღმდეგობრივი შეფასებები სურათს უფრო დამაბნეველს ხდიდა. ერთის მხრივ, ბასაევი და მასხადოვი ისლამის ძალადობრივ ფორმას ავრცელებდნენ, რაც უნდა აღკვეთილიყო. მეორეს მხრივ, ბევრი ადამიანისთვის პუტინის მეთოდები არაეთიკური და ანტიჰუმანური იყო. პუტინი ყველანაირი გზით ცდილობდა საერთაშორისო მედიისთვის სიმართლის დამალვას, თუმცა მცდელობებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.

2000 წლის თებერვალში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის შეხვედრაზე, რომელიც ჩეჩენმა პარლამენტარებმა მოიწვიეს, ომთან დაკავშირებული განსხვავებული ფაქტები გაჟღერდა, რაც რუსულ ნარატივს ეწინააღმდეგებოდა. ჩეჩნებმა განაცხადეს, რომ ადამიანის გატაცება არ იყო ჩეჩნური ფენომენი და აღნიშნული პრაქტიკა პირველი ჩეჩნური ომის პერიოდში რუსებმა დანერგეს. მათ ასევე წარმოადგინეს ორივე ომის შედეგად დაღუპულთა სტატისტიკა, რაც სხვა მონაცემებს ბევრად აღემატებოდა.

რუსები 1999-2000 წლებში განვითარებულ მოვლენებს და საკუთარ ქმედებებს სამართლიანობისა და ლეგიტიმაციის გამოვლინებად მიიჩნევდნენ. ბასაევი და უმაროვი საერთაშორისო დონეზე მოძალადე, უსამართლო აქტორებად განიხილებოდნენ, რომელთაც საერთო არაფერი ჰქონდათ ხელისუფლების ლეგიტიმურ წარმომადგენლობასთან.

ჩეჩნეთის მეორე ომი და საქართველო

თოვლში ჩაფლული შატილი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კონფლიქტის სასაზღვრო ტერიტორიას წარმოადგენდა. ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჩეჩნეთი რუსი სამხედროებისთვის სასტიკ საბრძოლო არენად იქცა. სამხრეთიდან მოსაზღვრე საქართველო ყველანაირად ცდილობდა კონფლიქტისთვის თავის არიდებას, რაც რუსულ ძალებთან ღია დაპირისპირების ტოლფასი იყო, რადგანაც რუსული მხარე ახალი ფრონტის გახსნის ნებართვას სწორედ საქართველოსგან ითხოვდა. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:

ვიკიციტატა
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან კარგი მეზობლური ურთიერთობის ქონა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ პრინციპებზე უარი უნდა ვთქვათ“

შევარდნაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთისა და საქართველოს სასაზღვრო ჯარების მიერ ჩეჩნეთთან საზღვრის ერთობლივ დაცვას და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსული ბაზების გამოყენებას ჩეჩნების წინააღმდეგ.

ქართველი პოლიტიკური ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს არამხოლოდ ჩეჩნეთის დამორჩილება, არამედ საკუთარი გავლენის მეზობელ რეგიონებზე გაძლიერებაც სურდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე საქართელოს მომავალს დასავლეთს უკავშირებდა, მისთვის ნათელი იყო, რომ მოსკოვიდან წამოსული პოლიტიკური ქარი საქართველოზე დიდ გავლენას მოახდენდა. შევარდნაძე აცხადებდა, რომ 2005 წელს საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჰქონდა განზრახული, რაც იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ მას ხელახლა, მეორე ვადით აირჩევდნენ. ამ დროისთვის საქართველოს სეპარატისტული მოძრაობების და რუსეთზე სამხედრო და ეკონომიკური დამოკიდებულების ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა.

რუსეთს ამ დროისათვის საქართველოში ოთხი სამხედრო ბაზა ჰქონდა, საიდანაც ერთ-ერთი, ვაზიანი, თბილისიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს. პრეზიდენტ შევარდნაძის პოლიტიკა საქართველოს დასავლეთთან არსებული კავშირის განვითარებაზე და საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანაზე იყო ორიენტირებული. 1999 წელს რუსეთმა უკანასკნელი 15 000 კაციანი სასაზღვრო ჯარი გაიყვანა. საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ სტამბულში დაგეგმილი შეხვედრა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანისთვის საჭირო მოლაპარაკებებისთვის გამოეყენებინათ, რაც რუსი სამხედროების რიცხვს შეამცირებდა.

ომის გავლენა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე

ჩეჩნეთის ომის შედეგად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გაუარესდა. საქართველოს წარმომადგენლები წუხდნენ, რომ რუსები წასვლას არ ჩქარობდნენ. 1999 წლის ოქტომბერში რუსულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ საქართველოში რამდენიმე ასეული სასაზღვრო ჯარი გამოეგზავნა, რომელიც ქართველებს ჩეჩნეთთან არსებულ საზღვართან პატრულირებაში დაეხმარებოდნენ. ჩეჩნეთისთვის ეს იყო ერთადერთი საზღვარი, რომელიც არ იყო რუსეთის იურისდიქციის ქვეშ. მას 160 კაციანი მსუბუქად შეიარაღებული ქართული სასაზღვრო ჯარი იცავდა. 1999 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩეჩნეთიდან საქართველოში დაახლოებით 4000 ლტოლვილი შემოვიდა. ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იყო 200 000 ჩეჩენ ლტოლვილზე, რომლებიც ინგუშეთში გადავიდნენ.

რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის ამოქმედება

რუსეთი იმედოვნებდა, რომ თუ რუსული ჯარები ჩეჩნეთისკენ სვლას გააგრძელებდნენ და გროზნოს დაიკავებდნენ, ბასაევი უღელტეხილით საქართველოში გადმოსვლას ეცდებოდა. რუსეთის წარმომადგენლებმა ქართველებ მესაზღვრეებს კონტრაბანდაში დასდეს ბრალი. ქართულმა მხარემ ბრალდებები უარყო. რუსეთი დიდ იმედს ამყარებდა საქართველოში არსებულ სამხედრო ბაზებზე, რომლის გამოყენებასაც ჩეჩნების წინააღმდეგ აპირებდა. მარშალ სერგეევს თბილისში ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი, სადაც აღნიშნული გეგმა უნდა განეხილა. მოგზაურობა ჩაიშალა, რადგანაც ქართულმა მხარემ ამ იდეას მტკიცე უარით უპასუხა. საქართველოს წინააღმდეგობას მოსკოვში დიდი გამოხმაურება არ მოყვა. ამ მოვლენებიდან მალევე, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამიერიდან საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს რუსეთში შესასვლელად ვიზები დასჭირდებოდათ. ამ ნაბიჯს რუსული მხარე ტერორიზმისა და კონტრაბანდის თავიდან აცილების სურვილით ხსნიდა.

რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის წაყენებული შემდეგი ბრალდების თანახმად, ქართველები ჩეჩენ მებრძოლთა ლიგაში იყვნენ გაერთიანებული. ექსპერტები თვლიდნენ, რომ რუსეთს კავკასიაში საკუთარი პოზიციის გადასინჯვის მცდელობა ჰქონდა. ევროპისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარებული სტამბულის შეხვედრა რუსეთის განზარხვების გასაგებად უნივერსალური საშუალება იყო. მსოფლიო ლიდერები იმედოვნებდნენ, რომ ხელს მოაწერდნენ 1990 წელს მიღებული ხელშეკრულების განახლებას, რაც ევროპაში ტრადიციული სამხედრო ძალების შეზღუდვას ითვალისწინებდა. საქართველოს წარმომადგენლებს იმედი ჰქონდათ, რომ რუსული მხარე შეასრულებდა ხელშეკრულების პირობას და საქართველოში მყოფი რუსი სამხედროების რაოდენობა არ გადააჭარბებდა ქართველების რიცხვს. რუსები იძლებულები გახდებოდნენ, რომ საქართველოდან საკუთარი ჯავშანტექნიკის გარკვეული ნაწილი გაეყვანათ.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Aristidis Tsatsos, „Second Chechen War: Causes, Dynamics and Termination - A Civil War between Risk and Opportunity?“, Humboldt University of Berlin, November 3, 2014, 3.
  • Mansur Mirovalev, „Chechnya, Russia and 20 years of conflict“, December 11, 2014, 2.
  • Jennifer Cayias, „A Strategic Analysis of The Chechen Wars: The Keystone of Good Leadership“, June 12, 2012, 5.
  • Lajos F. Szászdi, „Russian Civil-Military Relations and the Origins of the Second Chechen War(Plymouth: University Press of America, 2008)pp:85.
  • P. L. Dash, „Chechnya: War Has No End“, Economic and Political Weekly Vol. 35, No. 18(2000)pp:1519.
  • Mikhail Roshchin, „Sufism and Fundamentalism in Dagestan and Chechnya“, Insight Turkey Vol. 6, No. 2(2004):100
  • Kjersti Hellesøy, „Civil War and the Radicalization of Islam in Chechnya“, Journal of Religion and Violence Vol. 1, No. 1 (2013)pp:21-37
  • Maya Ehrmann, „The Redeployment of Chechnya-Based Troops to Dagestan: Background, Motives, and Repercussions“, Connections Vol. 11, No. 3(2012)pp:71.
  • Major Christopher D Roberson, „A SMALL WAR: THE DEVELOPJviENT OF THE RUSSIAN-CHECHEN CONFLICT 1994-2010, Marine Corps University,April 15, 2010.
  • Lena Jonson, „Putin and Chechnya: Is This How to Square a Circle?“ The Brown Journal of World Affairs Vol. 8, No. 1(2001)pp:35-37
  • James JF Forest, Teaching Terror: Strategic and Tactical Learning in the Terrorist World(Boston: Rowman & Littlefield Publishers, Inc. (May 11, 2006), pp:31-33.
  • Vincent Stewart, „Russia Military Power“(Moscow: Defense Intelligence Agency,2017)pp:46-50.
  • Colin McMahon, „CHECHEN WAR MAKES FOR STRANGE ALLIANCE“, CHICAGO TRIBUNE, December 28, 1999.
  • Alice Lagnado, „Staropromislovsk section of Grozny captured by federal forces”, London Times, January 28, 2000.
  • Laurence Binet, „War crimes and politics of terror in Chechnya 1994-2004“, Médecins Sans Frontières,20 September,2013.
  • Miriam Matejova, „RUSSIAN "CHECHENIZATION" AND THE PROSPECTS FOR A LASTING PEACE IN CHECHNYA“, International Journal on World Peace Vol. 30, No. (2013) pp:25
  • Paolo Calzini, „Vladimir Putin and the Chechen War“,The International Spectator, 2005.
  • Charles Gurin, „Akhmad Kadyrov Is Assassinated“, Eurasia Daily Monitor Volume, May 10, 2004.
  • Albert Oetgen, „The Dubrovka Theater Siege in Moscow, a Decade Later“, The Atlantic, October 23, 2012.
  • David Satter, „Slaughter in Beslan“,Hudson Institute,November 23, 2004.
  • Anne Speckhard, Black Widows: The Chechen Female Suicide Terrorists, Jaffe Center, 2006.
  • John Russel, „Ramzan Kadyrov: The Indigenous Key to Success in Putin's Chechenization Strategy?“, Nationalities Papers The Journal of Nationalism and Ethnicity Volume 36, no 4(2008) Pages 659-687.
  • Kimberly G. Edwards, „A Necessary Monster? Vladimir Putin's Political Decisions Regarding the "Secession" of Chechnya and the Second Chechen War (1999-2009)“, University of New Orleans, June 8,2013.
  • Oliver Bullough, „Putin’s closest ally – and his biggest liability“, The Guardian, September 23, 2015.
  • Emma Gray, „Putin’s Media War“,Committee to Protect Journalists, December 25, 2000.
  • Katherine Ognyanova, Media Control in Putin’s Russia – Implications for Online Content, International Journal of E-Politics, 2010.
  • Michael R. Gordon, „Georgia Trying Anxiously to Stay Out of Chechen War“,

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Russia's Forces Unreconstructed by Pavel Felgenhauer
  2. New Chechen Army Threatens Moscow AIA 12.07.2006
  3. Федеральным силам в Чечне противостоят 22 тыс. боевиков. Russian Ministry of Defense
  4. [1] 4,572 servicemen of all security agencies killed by December 2002, 680 Russian Armed Forces soldiers killed in 2003-2007 [2]
  5. Memorial (society) estimate, FIGHT FOR INDEPENDENCE FROM RUSSIA, Reuters, 11-04-2007
  6. Russia: December 25, 2002. Strategypage.com. ციტირების თარიღი: 17 October 2011
  7. What justice for Chechnya's disappeared?
  8. Effective human rights work is the best weapon against terrorism
  9. Aristidis Tsatsos, „Second Chechen War: Causes, Dynamics and Termination - A Civil War between Risk and Opportunity?“, Humboldt University of Berlin, November 3, 2014, 3
  10. Mansur Mirovalev, „Chechnya, Russia and 20 years of conflict“, December 11, 2014, 2
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy