ბიოწარმოება
ბიოწარმოება — საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი, მეურნეობის ან წარმოების მართვის ერთიანი სისტემა, ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიური და ბიოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას და შეესაბამება გარკვეულ მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, ნიშანდების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ეტაპებზე.[2]
ბიოწარმოების ზოგადი პრინციპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიოწარმოების ზოგადი პრინციპები გულისხმობს[2], რომ:
- ბიოწარმოების დაგეგმვისა და მართვისას, მხოლოდ ეკოსისტემის შიდა ბუნებრივი რესურსების ცოცხალი ორგანიზმების და წარმოების ბიოლოგიური და მექანიკური მეთოდები გამოიყენება;
- გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ან გმო-დან მიღებული პროდუქტების გამოყენება აკრძალულია (გარდა ვეტერინარული დანიშნულების სამკურნალო საშუალებებისა);
- სასურსათო ნედლეულის დამუშავებისათვის მაიონიზებელი რადიაციის გამოყენება აკრძალულია;
- მემცენარეობაში ჰიდროპონული წარმოება აკრძალულია;
- გარე რესურსების გამოყენებისას დაშვებულია მხოლოდ ბიოწარმოებიდან მიღებული რესურსებით, ბუნებრივი ნივთიერებებითა და მცირედ ხსნადი მინერალური სასუქებით სარგებლობა;
- არაგანახლებადი რესურსებისა და გარე რესურსების გამოყენება მაქსიმალურად შეზღუდულია;
- ქიმიური სინთეზური ნივთიერებების გამოყენების მკაცრად შეზღუდულია;
- აუცილებელია ორგანული მართვის სისტემის უზრუნველყოფისათვის, სათანადო, დეტალური ჩანაწერების წარმოება განხორციელებული ღონისძიებებისა და გამოყენებული საშუალებების შესახებ, მათ შორის ბიოლოგიური და კონვერსიული წარმოების გამიჯვნის თვალსაჩინოებისათვის.
მდგომარეობა ბიოპროდუქტების მსოფლიო ბაზარზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღეისათვის ორგანული სოფლის მეურნეობა მსოფლიოს 170 ქვეყანაში მოიცავს 70 მილიონ ჰექტარ ფართობს. ავსტრალიაში ეს ფართობები 12,5 მილიონ ჰექტარს შეადგენს; ევროპაში 12, აშშ 2,3, ლათინურ ამერიკაში 7,აზიაში 3,3, აფრიკაში 1,2 მილიონი ჰექტარი. მსოფლიოში ორ მილიონამდე სერთიფიცირებული ბიოფერმერია, რომლის 80 % განვითარებად ქვეყნებზე მოდის: ინდოეთში 600 ათასზე მეტი ასეთი ფერმერია, უგანდაში 190 ათასი, მექსიკაში 170 ათასი, ტანზანიაში 150 ათასი, ხოლო თურქეთში 60 ათასამდე ბიოფერმერი.
ბიოპროდუქციას ყველაზე მეტად მდიდარი ქვეყნები მოიხმარენ. ამ მიმართულებით გლობალური ბაზარი დაახლოებით 25 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებისაა, რომლის ნახევარი ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდის, დაახლოებით ნახევარი ევროპულ ქვეყნებზე. მხოლოდ 3% ნაწილდება დანარჩენ ქვეყნებზე. FIBL-ის მონაცემების მიხედვით 2017 წელს ორგანული პროდუქტების გაყიდვების მოცულობამ ევროპის ქვეყნებში შეადგინა 37,3 მილიარდი ევრო.[3] Ecovia Intelligence-ის კვლევის მიხედვით, 2017 წლიდან ბიოპროდუქტების ბაზარი 6%-ით გაიზარდა.[4]
ბიოპროდუქტების ბაზარი საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ბიოწარმოებისათვის 2 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი იყო გამოყოფილი. საქართველოდან 2016 წელს ექსპორტზე გავიდა დაახლოებით 405 ტონა ორგანული პროდუქტი. ქართული ბიო პროდუქტის ძირითადი ბაზარი არის გერმანია. საქართველოში ბიოწარმოების სერტიფიკატი აქვს 12 საწარმოს/მეწარმეს, ხოლო დანარჩენი 36 სერტიფიცირების პროცესშია (გარდამავალი პერიოდი). საქართველოს კანონით „ბიოწარმოების შესახებ“ ბიოწარმოების სერტიფიკატი არის შესაბამისობის შეფასების დოკუმენტი, რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს, რომ სურსათი/ცხოველის საკვები, პირველადი წარმოების პროდუქტი, შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს.[2] საქართველოში, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, პერსპექტიულ ბიოდარგებად მიიჩნევა ბიოღვინისა და ბიოჩაის წარმოება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ბიოაგროწარმოების განვითარების გზები საქართველოში“, მზ. ბერუაშვილი, გ. წერეთელი. აგრარული საქართველო სამეცნიერო-საინფორმაციო სამეცნიერო-საინფორმაციო ჟურნალი #10 (54), ოქტომბერი 2015
- ნაცვალაძე მარინა, „სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ეკონომიკური მექანიზმი“, თბ. „უნივერსალი“ 2009 წელი
- ხარაიშვილი ე. „ღვინის ბაზარი და მევენახეობა-მეღვინეობის დივერსიფიკაციის კონკურენტული მოდელები საქართველოში“. თბ. „უნივერსალი“ 2017. გვ. 21-23, 97
- Gil, J.M., Gracia, A. and Sanchez, M. (2000), “Market segmentation and willingness to pay for organic products in Spain”, The International Food and Agribusiness Management Review, Vol. 3 No. 2, pp. 207-226
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიომეურნეობა — აგროწარმოების მომავალი დაარქივებული 2020-07-28 საიტზე Wayback Machine. ბექა ბაიაშვილის სტატია www.sustainability.ge-ზე ბიომეურნეობის შესახებ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Paull, John & Hennig, Benjamin (2016) Atlas of Organics: Four Maps of the World of Organic Agriculture Journal of Organics. 3(1): 25-32.
- ↑ 2.0 2.1 2.2 საქართველოს კანონი ბიოწარმოების შესახებ
- ↑ FIBL-ის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-24. ციტირების თარიღი: 2019-10-04.
- ↑ Ecovia Intelligence-ის ოფიციალური საიტი