შინაარსზე გადასვლა

იოჰან შტრაუსი (შვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოჰან შტრაუს II
იოჰან შტრაუს II
იოჰან შტრაუს II

იოჰან შტრაუს II (აგრეთვე ცნობილი როგორც იოჰან შტრაუს უმცროსი; გერმ. Johann Sebastian Strauß; დ. 25 ოქტომბერი, 1825 — გ. 3 ივნისი, 1899) — ავსტრიელი რომანტიკოსი კომპოზიტორი განთქმული როგორც „ვალსის მეფე“. მან შექმნა ხუთასამდე ვალსი, პოლკები, მარშები, ოპერეტები და სხვა. ის იყო შტრაუსების ოჯახის ყველაზე განთქმული წარმომადგენელი. მამამისი იოჰან შტრაუსი ასევე კომპოზიტორი იყო.

იოჰან შტრაუს უმცროსი დაიბადა 1825 წლის 25 ოქტომბერს, სენტ ულრიჰში, ვენასთან ახლოს კათოლიკურ ოჯახში. მამამისი, იოჰან შტრაუს უფროსი, რომანტიკოსი კომპოზიტორი იყო, სახელგანთქმული თავისი ვალსებით და ცნობილი რადეცკის მარშით, რომელიც 1848 წლის ევროპის რევოლუციას მიუძღვნა; დედამისი კი შტრაუს უფროსის პირველი ცოლი მარია ანნა შტრაიმი იყო. შტრაუს უმცროსის დიდი ბაბუა უნგრელი ებრაელი იყო. მოგვიანებით, ამ ფაქტს წარმატებით მალავნდნენ ნაცისტები, რომლებიც შტრაუსის მუსიკას უაღრესად გერმანულს უწოდებდნენ. შტრაუს უმცროსს ექვსი ძმა ჰყავდა, რომლიდანაც ორი ძმა - იოზეფი და ედუარდი ასევე ცნობილი კომპოზიტორები გახდნენ.

ოჯახის წევრები იოჰან უმცროსს მოფერებით შანის ეძახდნენ. მამამისს სურდა იგი გამხდარიყო არა მუსიკოსი, არამედ ბანკირი. ამის მიუხედავად იგი მაინც სწავლობდა ჩუმად ვიოლინოს დაკვრას ფრანც ამონთან, მამამისის ორკესტრის პირველ ვიოლინისტთან. როდესაც ეს შტრაუს უფროსმა აღმოაჩინა, იგი სასტიკად დასაჯა, რომ „მუსიკა ამოეცალა მისგან“. იგი ასე იმიტომ ექცეოდა შვილს რომ სურდა აერიდებინა მუსიკოსის მკაცრი ცხოვრება. როდესაც შტრაუს უფროსმა ოჯახი საყვარლის გამო მიატოვა, მხოლოდ მაშინ შეძლო შტრაუს უმცროსმა დედამისის დახმარებით სრული კონცენტრაცია მოეხდინა კომპოზიტორის კარიერაზე. მან კონტრაპუნქტი და ჰარმონია პროფესორ ჯოაკიმ ჰოფმანთან შეისწავლა. მისი ნიჭი ჯოსეფ დრესჰლერმაც აღმოაჩინა და ჰარმონიის გაკვეთილები ჩაუტარა. მან ამ პერიოდში შექმნა გრადუალი „Tu qui regis totum orbem“ (1844). მისი ვიოლინოს მასწავლებელო ასევე ანტონ კოლმანი იყო, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია. ასეთი შეფასებების წყალობით მოიპოვა შტრაუსმა ლიცენზია და შეკრა თავისი ორკესტრი.

იოჰან შტრაუს I-ს იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა, რომ მისი შიშით, გასართობი დაწესებულებები იოჰან უმცროსისთვის კონტრაქტის შეთავაზებას ფრთხილობდნენ. მან მოახერხა დაეყოლიებინა დომმაიერის კაზინო ჰიიცინგში და ამის გამო გაბრაზებულმა შტრაუს უფროსმა უარი თქვა ოდესმე ამ ადგილას მისვლაზე. შტრაუსის დებიუტი სწორედ აქ შედგა 1844 წლის ოქტომბერში, სადაც მან შეასრულა რამდენიმე თავისი პირველი ნამუშევარი, როგორიცაა ვალსი „Singedichte“, Op. 1 და „Gunstwerber“, Op. 4 და პოლკა „Herzenslust“, Op. 3. კრიტიკოსები და პრესა ერთხმად აფასებდნენ დადებითად შტრაუს უმცროსის მუსიკას.

მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა, შტრაუსს კომპოზიტორის ადრეულ წლებში გაუჭირდა, მაგრამ მან მალევე მოიპოვა ფართო აუდიტორია მას შემდეგ, რაც სახლიდან შორს შესრულება დაიწყო. ახალგაზრდა კომპოზიტორისთვის პირველი მნიშვნელოვანი ჯილდო იყო მისი დანიშვნა „ვენის მოქალაქეთა მე-2 პოლკის კაპელმაისტერის“ საპატიო თანამდებობაზე, რომელიც ვაკანტური დარჩა ჯოზეფ ლანერის 2 წლის წინ გარდაცვალების შემდეგ.

მალე ვენა მოიცვა ავსტრიული იმპერიის 1848 წლის რევოლუციებმა და მამა-შვილი შტრაუსის დაპირისპირება ბევრად უფრო აშკარა გახდა. შვილმა გადაწყვიტა რევოლუციონერების მხარე აერჩია, რაც პროფესიულად არახელსაყრელი იყო, რადგან ავსტრიის სამეფომ ორჯერ უარყო მისთვის სასურველი „KK Hofballmusikdirektor“-ის თანამდებობა, რომელიც პირველად სპეციალურად დაინიშნა იოჰან I-ისთვის, მისი მუსიკალური წვლილისათვის. ასევე იგი ვენის ხელისუფლებამ დააკავა საჯაროდ „მარსელიეზას“ შესრულებისათვის, მაგრამ მოგვიანებით გაამართლეს.

როდესაც უფროსი შტრაუსი ქუნთრუშით გარდაიცვალა ვენაში, 1849 წელს, უმცროსმა შტრაუსმა გააერთიანა ორივე ორკესტრი და გასტროლებზე გაემგზავრა. მოგვიანებით, მან მრავალი პატრიოტული მარში მიუძღვნა ჰაბსბურგების იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ს, როგორიცაა „Kaiser Franz-Josef Marsch“ Op. 67 და „Kaiser Franz Josef Rettungs Jubel-Marsch“ Op. 126, ალბათ იმისთვის, რომ თავი მოეწონებინა ახალი მონარქისათვის, რომელიც ავსტრიის ტახტზე 1848 წლის რევოლუციის შემდეგ ავიდა.

შტრაუს უმცროსმა უფრო მეტ წარმატებას მიაღწია ვიდრე მამამისმა და გახდა იმ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვალსის კომპოზიტორი, რომელიც ხშირად თავისი ორკესტრით ავსტრიაში, პოლონეთსა და გერმანიაში მიდიოდა გასტროლებზე. იგი საბოლოოდ  KK Hofballmusikdirektor-ის თანამდებობაზე 1863 წელს მიიღეს.

1853 წელს შტრაუსმა ნერვული აშლილობა განიცადა, ამიტომ ექიმების რჩევით იმავე წლის ზაფხულში შვიდი კვირით ქალაქგარეთ წავიდა დასასვენებლად. იოჰანის უმცროსმა ძმამ ჯოზეფმა, ოჯახის მხარდაჭრით მიატოვა ინჟინრის კარიერა და დროებით იოჰანის ორკესტრს მეთაურობდა.

1855 წელს შტრაუსმა მიიღო საკომისიო სანქტ-პეტერბურგის ცარსკოე-სელოს სარკინიგზო კომპანიის მენეჯმენტისგან, რათა სცენაზე გამოსულიყო რუსეთში 1856 წელს პავლოვსკში მდებარე ვოქსჰალის პავილიონში. ის ყოველწლიურად ბრუნდებოდა რუსეთში კონცერტებისთვის 1865 წლამდე.

1862 წელს ედუარდ შტრაუსი ოფიციალურად შეუერთდა შტრაუსის ორკესტრს როგორც დირიჟორი და ის და მისი ძმა იოზეფი ხელმძღვანელობდნენ მას 1870 წლამდე.

მოგვიანებით, 70-იან წლებში, შტრაუსმა და მისმა ორკესტრმა გასტროლები გამართეს შეერთებულ შტატებში, სადაც მან მიიღო მონაწილეობა ბოსტონის ფესტივალში ბენდმასტერი პატრიკ გილმორის მიწვევით და იყო წამყვანი დირიჟორი 1000-ზე მეტი შემსრულებლის „მონსტრების კონცერტში“. მან შეასრულა თავისი „ლურჯი დუნაის“ ვალსი, სხვა ნაწარმოებებს შორის. მისი ამერიკაში ვიზიტის დროს, თაყვანისმცემელი ქალებისათვის შტრაუსის მოსამსახურემ მის ნიუფაუნდლენდის ძაღლს მოაჭრა ბეწვი, თუმცა თაყვანისმცემლების დიდმა რაოდენობამ ძაღლის გამელოტების საფრთხე გააჩინა.

შტრაუსის პირველი ცოლი ჰენრიეტა ტრეფცი იყო, რომელიც გარდაიცვალა და მისი გარდაცვალებიდან 6 კვირაში მსახიობი ანჯელიკა დიტრიჰი შეირთო ცოლად. აღმოჩნდა რომ მას დიდად არ უყვარდა მუსიკა და აზრთა სხვადასხვაობის გამო ერთმანეთს გაცილდნენ. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ განქორწინების უფლება არ მისცა, ამიტომ მან შეიცვალა რელიგია და ეროვნება, გახდა საქს-კობურგ გოთას მოქალაქე 1887 წელს. ამავე წელს დაქორწინდა თავის მესამე ცოლზე, ადელე დოიჩზე. მან ხელი შეუწყო ქმარს კრეატიულ განვითარებაში, რის შედეგადაც მან შექმნა ცნობილი ბაწარმოებები, მაგალითად ოპერეტა „Der Zigeunerbaron“ და „Waldmeister“ და ვალსები „Kaiser-Walzer“ Op. 437, „Kaiser Jubiläum“ Op. 434 და „Klug Gretelein“ Op. 462.

იმის მიუხედავად რომ შტრაუს უმცროსი მე-19 საუკუნის ერთ-ერთი მეტად ცნობილი კომპოზიტორი იყო, მას მოპაექრეებიც ჰყავდა კარლ მიხაელ ცირერის და ემილ ვალდტეიფელის სახით. ასევე ფილიპ ფაარბახმა უარყო შტრაუს უმცროსის მოთხოვნა KK Hofballmusikdirektor-ის თანამდებობაზე დანიშვნაზე. შტრაუს უმცროსს ასევე დიდ კონკურენციას უწევდა ჟაკ ოფენბახი ოპერეტების სფეროში.

შტრაუსით აღფრთოვანებული იყო რიჰარდ ვაგნერი, რომელმაც ერთხელ აღიარა, რომ მოსწონდა მისი ვალსი „Wein, Weib und Gesang“ (ღვინო, ქალები და სიმღერა) Op. 333. ასევე რიჰარდ შტრაუსი, როდესაც იგი თავის როზენკავალიერის ვალსებს წერდა, მასზე თქვა: „როგორ დავივიწყებდი ვენის მოცინარ გენიოსს?“.

იოჰანეს ბრამსი იყო შტრაუსის უახლოესი მეგობარი; მან თავისი ვალსი „Seid umschlungen, Millionen!“, Op. 443, მიუძღვნა მას. ორივეს ბიოგრაფიებში მოთხრობილია ამბავი, რომ შტრაუსის ცოლი, ადელი ბრამსთან მივიდა თხოვნით, რომ მას ხელი მოეწერა მარაოზე. კომპოზიტორებისთვის ჩვეული იყო თავისი ყველაზე ცნობილი მუსიკის მიწერა და შემდეგ ხელის მოწერა. თუმცა, ბრამსმა ჩაწერა რამდენიმე მონაკვეთი „ლურჯი დუნაიდან“ და შემდეგ დაწერა მის ქვეშ: „სამწუხაროდ, არა იოჰანეს ბრამსის მიერ“.

შტრაუსის ოპერეტებიდან ყველაზე ცნობილია „Die Fledermaus“, „Eine Nacht in Venedig“ და „Der Zigeunerbaron“. ბევრია მისი ოპერეტების თემებიდან ამოღებული საცეკვაო ნაწარმოებები, როგორიცაა „Cagliostro-Walzer“ Op. 370 („Cagliostro in Wein“-დან), „O Schöner Mai“ Walzer Op. 375 („Prinz Methusalem“-დან), „Rosen aus dem Süden“ Walzer Op. 388 („Das Spitzentuch der Königin“-დან) და „Kuss-Walzer“ Op. 400 (Der lustige Krieg-დან). შტრაუსმა ასევე დაწერა ოპერა „Ritter Pázman“ და სიკვდილამდე მუშაობდა „Aschenbrödel“-ზე („კონკია“).

შტრაუსს პლევროპნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს და 1899 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა ვენაში, 73 წლის ასაკში, დაკრძალეს ზენტრალფრიდჰოფში.

კლემენ კრაუსის ძალისხმევის შედეგად, რომელმაც 1929 წელს ვენის ფილარმონიასთან ერთად შეასრულა სპეციალური მთლიანად შტრაუსის პროგრამა, ახლა შტრაუსის მუსიკა რეგულარულად სრულდება ვენის ყოველწლიურ საახალწლო კონცერტზე.

შტრაუსის გამორჩეული შემსრულებელია ასევე ვილი ბოსკოვსკი, რომელმაც Vorgeiger-ის ტრადიცია გააგრძელა - ვიოლინოთი ხელში დირიჟორობა, რომელიც იყო შტრაუსის ოჯახის ჩვეულება; ისევე როგორც ჰერბერტ ფონ კარაიანი, კარლოს კლეიბერი, ლორინ მაზელი, ზუბინ მეჰტა და რიკარდო მუტი.

გარდა ამისა, ვინერ იოჰან შტრაუსის ორკესტრი, რომელიც 1966 წელს დაარსდა, პატივს მიაგებს გასტროლებზე წასულ ორკესტრებს, რომლებმაც ოდესღაც შტრაუსის ოჯახი ასე ცნობილი გახადა.

1987 წელს ჰოლანდიელმა მევიოლინემ და დირიჟორმა ანდრე რიუმ ასევე შექმნა იოჰან შტრაუსის ორკესტრი.

ედუარდ შტრაუსმა 1901 წლის 13 თებერვალს გასაოცრად დაშალა შტრაუსის ორკესტრი, მსოფლიოს 840 ქალაქში გამართული კონცერტების შემდეგ და ინსტრუმენტები დაალომბარდა. ორკესტრის ბოლო ვიოლინოები მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა.

შტრაუსის ნამუშევრების უმეტესობას, რომლებიც დღეს სრულდება, შესაძლოა თავდაპირველად ოდნავ განსხვავებული ფორმა ჰქონდა, რადგან ედუარდ შტრაუსმა 1907 წელს გაანადგურა შტრაუსის ორიგინალური საორკესტრო არქივები, ვენის მარიაჰილფის რაიონში, ღუმელების ქარხანაში. ედუარდმა, ერთადერთმა ცოცხალმა სამი ძმიდან მიიღო ეს მკვეთრი სიფრთხილე მას შემდეგ, რაც დათანხმდა შეთანხმებას თავისა და იოზეფს შორის, რომ ვინც მეტ ხანს იცოცხლებდა უნდა გაენადგურებინა მათი ნამუშევრები. ეს მიზნად ისახავდა შტრაუსის ოჯახის ნამუშევრების სხვა კომპოზიტორის მიერ მითვისების პრევენციას.

იოჰან შტრაუს II-ს ვენაში ორი მუზეუმი ეძღვნება. მისი რეზიდენცია პრატერშტრასეში, სადაც ის ცხოვრობდა 1860-იან წლებში, ახლა ვენის მუზეუმის ნაწილია. მუზეუმი შტრაუსების ოჯახს ეხება, თუმცა ფოკუსირდება იოჰან უმცროსზე.

  • 1856: შტრაუსის პირველი გასტროლები რუსეთში
  • 1862: წელს ქორწინდება მომღერალ ქუტი ტრედც-ხალუბკიზე, ორი ვაჟისა და სამი ქალიშვილის დედაზე.
  • 1863: ახალი გასტროლები რუსეთში
  • 1860, 1870 წლები: ამ პერიოდში იგი ქმნის თავის საუკეთესო ვალსებს „მშვენიერ ცისფერ დუნაიზე“ (1867) „ვენის ტყის ზღაპრები“ საუკეთესო ოპერეტები.
  • 1870: შტრაუსი უარს ამბობს საიმპერატორო კარის მიერ ვალდებულობაზე (აძლევს მის ძმა ედუარდს). თავის თავს მთლიანად ოპერატების შექმნას უძღვნის. მოულოდნელად 43 წლის ასაკში კვდება მისი ერთრთი ძმა იოსეფი.
  • 1870-იან წლები: შრტაუსის ორკესტრი კონცერტებს მართავს დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და აშშ-ში. ბოსტონის მუსიკალურ ფესტივალზე შტრაუსი ამყარებს მსოფლიო რეკორდს, სადაც ხელმძღვანელობს 1000-ზე მეტი მუსიკოსისგან შემდგარი ორკესტრს.
  • 1871: ოტენბახის რჩევით შტრაუსი წერს თავის პირველ ოპერეტას,რომელიც მსმენელმა კარგად მიიღო. სულ მალე მან 15 ოპერეტა დაწერა.
  • 1874: ახალი ოპერეტა „მფრინავი თეფში“ თავიდან დიდ პოპულარობას ვერ იღებს. ტრიუმფალური წარმატება მხოლოდ ოცი წლის შემდეგ მოდის, ახალი რედაქციის გამოსვლის შემდეგ (გუსტავ, მალერ, ჰამზურგი).
  • 1878: ხეტი შტრაუსის გარდაცვალების შემდეგ ცოლად ირთავს ახალგაზრდა მსახიობს ანჯელიკა დიტრიხს. მალევე ეს ქორწინება გაყრით სრულდება, მაგრამ კათოლიკური ეკლესია უარყოფს გაყრის ფაქტის დადასტურებას. ამიტომ შტრაუსი იღებს პროტესტანტობას და ხდება გერმანიის მოქალაქე (1887).
  • 1882: წელს შტრაუსი ქორწინდება მესამედ და საბოლოოდ საკუთარი მეგობრის ქვრივ ადული დოიჩზე, რომელსაც მიუძღვნა ვალსი „ადელი“. ქორწინება იღბლიანი გამოდგა, მისი მესამე ცოლი ებრაელი იყო, ებრაელი იყო შტრაუსის ერთ-ერთი ბაბუაც. მიუხედავად სამი ქორწინებისა შტრაუსს საკუთარი შვილები არ ჰყოლია.
  • 1880: შტრაუსი მიემგზავრება პარიზში, რათა გააცილოს ბოლო გზაზე ოტენბახი.
  • 1885: ახალი შედევრი ოპერეტა „ბოშათა ბარონი“, გორ იოსაკის „სადის“ მიხედვით.
  • 1895: შტრაუსი 70 წლისთავს აღნიშნავს მთელი ევროპა. შტრაუსი გარდაიცვალა ვენაში 73 წლის ასაკში პნევნომიისაგან. მან ვერ მოასწრო ბალეტ „კონკიას“ დამთავრება. ბალეტზე მუშაობა დაამთავრა იოსეფ ზაიერმა მომდევნო წელს.

შტრაუსის სიკვდილის შემდეგ დაიდგა მისი რამდენიმე ოპერატა,მათ შორის საუკეთესო „ვენური სისხლი“.

  • Gänzl, Kurt. The Encyclopedia of Musical Theatre (3 Volumes). New York: Schirmer Books, 2001.
  • Traubner, Richard. Operetta: A Theatrical History. Garden City, NY: Doubleday & Company, 1983.
  • Jacob, H. E. Johann Strauss, Father and Son: A Century of Light Music. The Greystone Press, 1940.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy