კინიკური სკოლა
კინიკური სკოლა, ცინიკური სკოლა (ბერძნ. κῠνικοί, ლათ. Cynici), სოკრატული ფილოსოფიური სკოლა ძველ საბერძნეთში, დააარსა ძვ. წ. 380 ანტისთენემ. სოკრატეს მოძღვრებას ავითარებდა ძირითადად ეთიკაში. სოკრატული დებულება — ბედნიერება სიკეთის მიღწევაშია — კინიკოსებმა თავისებურად განავითარეს თავისუფალ, ავტონომიურ პიროვნების თეორიად. ანტინთენე და დიოგენე სინოპელი ადამიანს ურჩევდნენ ბუნებასთან დაახლოებას, საზოგადოებისაგან გაქცევას, პირველყოფილს მდგომარეობაში დაბრუნებას. დიოგენე სინოპელმა კინიკური იდეები ცხოვრების წესად აქცია („დიოგენეს ფარანი“, „დიოგენეს კასრი“).
კინიკური სკოლიდან განვითარდა სტოიციზმი. სტოელმა კინიკოსებისაგან აიღეს მსოფლიო სახელმწიფოს, საყოველთაო თანასწორობის, კოსმოპოლიტიზმის იდეები.
შემეცნების ახსნაში კინიკოსებმა უარყვეს სოკრატეს ზოგადის, გვარეობითი ცნებების თეორია და წინა პლანზე დააყენეს ინდივიდუალურის, ერთეულადის მნიშვნელობა, გააკრიტიკეს პლატონის იდეების თეორია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წერეთელი ს., ანტიკური ფილოსოფია, თბ., 1968;
- ჭელიძე მ., ქსე, ტ. 5, გვ. 521, თბ., 1980