შინაარსზე გადასვლა

მავრიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მავრიკის რესპუბლიკა
ინგლ. Republic of Mauritius
ფრანგ. République de Maurice

მავრიკი
მავრიკის
დევიზი: Stella Clavisque Maris Indici (ლათ. ინდოეთის ოკეანის ვარსკვლავი და გასაღები)
ჰიმნი: Motherland
მავრიკის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
პორტ-ლუი
20°10′ ს. გ. 57°31′ ა. გ. / 20.167° ს. გ. 57.517° ა. გ. / -20.167; 57.517
ოფიციალური ენა ინგლისური,
ფრანგული (რეგიონული)
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი პრიტვირაჯსინგ როპუნი
 -  პრემიერ-მინისტრი პრავინდ ჯაგნოტი
ფართობი
 -  სულ 2 040 კმ2 (179-ე)
 -  წყალი (%) 0.05
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 1 264 866 (151-ე)
 -  2011 აღწერა 1 236 817 
 -  სიმჭიდროვე 606,28 კაცი/კმ2 (მე-18)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $16.0 მილიარდი (119-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $13 703 (51-ე)
აგი (2004) 0.804 (მაღალი) (65-ე)
ვალუტა მავრიკის რუპია (MUR)
დროის სარტყელი UTC+04:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+04:00 (UTC)
ქვეყნის კოდი MUS
Internet TLD .mu
სატელეფონო კოდი 230

მავრიკი (ინგლ. Mauritius; ფრანგ. Maurice) — კუნძულოვანი სახელმწიფო ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ აფრიკაში. მადაგასკარიდან აღმოსავლეთით 900 კილომეტრში. რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიან კუნძულები: მავრიკი (ყველაზე დიდი, 1865 კმ²) და როდრიგესი (104 კმ²), რომლებიც მასკარენის კუნძულების ნაწილია. ასევე შედის არქიპელაგი კარგადოს-კარახოსი, აგალეგას კუნძულები და სხვა ბევრი მომცრო კუნძული. 2011 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 236 817 ადამიანს[1]. ქვეყნის საერთო ფართობია 2045 კმ². დედაქალაქი — პორტ-ლუი, რომელიც კუნძულ მავრიკზე მდებარეობს.

მავრიკის რესპუბლიკა და მისი გარე კუნძულები. ტერიტორიული პრეტენზიები გამოყოფილია თეთრი ფერით.
კუნძულ მავრიკის ფიზიკური რუკა.
კუნძულ როდრიგესის ფიზიკური რუკა.

მავრიკის კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა. მაგრამ ვულკანური მოქმედებები უკვე დიდი ხანია შეჩერებულია და ეროზიამ საკმაოდ გააუთოვა კუნძულის რელიეფი. კიურპილის ცენტრალური პლატო ამოწეულია ზღვის დონიდან 400—600 მეტრზე. ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან მასთან ახლოს იმყოფებიან უფრო ამოწეული და ნაკლებად გაუთოვებული პლატოები. მათ შორის ყველაზე მაღალია — სავანა (ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილი — მთა პითონ-დე-ლა-რივიერ-ნუარი 826 მეტრი) — მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-დასავლეთში. ბუნებრივი ღირსშესანიშნეობებიდან საინტერესოა ჩამქრალი ვულკანების (ტრუ-ო-სერფი, კანაკა, ბასენ-ბლანკი) კრატერები და პლატოები, რომლებსაც აქვთ უჩვეულო ფორმის მთის მწვერვალები. შიდა პლატოები გარშემორტყმულია სანაპირო დაბლობის ზოლით, სამხრეთში და აღმოსავლეთში 15—20 კმ-ის სიგანით. ამ ნაყოფიერი ალუვიალური ნიადაგის დაბლობებში, ასევე პლატოს ხეობებში თავმოყრილია შაქრის ლერწმის პლანტაციები, რომელსაც უკავია მავრიკის საერთო ფართობის 45 %. სანაპიროები გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით.

მავრიკის პლატოებში და მთებში მოედინება ასეულობით მცირე მდინარე, რომლებშიც ბევრია ჭორომი და ჩანჩქერი. შვიდსაფეხურიან ტამარენის ჩანჩქერს აქვს ყველაზე უფრო დიდი წყალგადასაშვები (274 მეტრი). მავრიკის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მდინარეებია გრანდ-რივერ-საუტ-ისტი და გრანდ-რივერ-ნორტ-უესტი. წვიმების პერიოდში მდინარეები ჩქაროსნულად მოედინებიან და სახიფათონი ხდებიან. კუნძულის ყველაზე უფრო დიდი ტბებიაგრან-ბასენი და მარ-ო-ბაკოა.

ჰავა ტროპიკულია, ზღვისა. კუნძული მდებარეობს იმ ტროპიკული ციკლონების გზაზე, რომლებიც წარმოიშვებიან ინდოეთის ოკეანეში. თითქმის ყოველწლიურად, თებერვალ-მარტში ისინი კუნძულებს დაატეხავენ ქარიშხლებს, რომელთა სიჩქარე აღწევს 220 კმ/სთ-ს და თავსხმა წვიმებს, რომლებიც იწვევენ კატასტროფულ წყალდიდობებს. წყლის საშუალო ტემპერატურა მთელი წელიწადი არ ეცემა 23 °C-ზე დაბლა. ასეთ ტემპერატურებზე ნაყოფიერ ნიადაგზე შაქრის ლერწამი იძლევა საკმაოდ მაღალ მოსავალს. ზღვისპირა დაბლობებში წელიწადში მოდის 1500—2500 მმ ნალექი. პლატოებზე ნალექების რაოდენობა მატულობს 3500 მმ-მდე, ხოლო საშუალო ტემპერატურა ეცემა 3-4 °C-ით. ყველაზე თბილი თვის (თებერვალი) საშუალო ტემპერატურაა 26 °C, ყველაზე ცივისა (აგვისტო) შიგა რაიონებში 14 °C-იდან, სანაპიროზე 18,5 °C-მდე. მხოლოდ იქ, მთების კალთებქვეშ, შესაძლებელია ისეთი კულტურების დარგვა და მოყვანა, როგორებიცაა ჩაი, თამბაქო, აგავა. მავრიკიზე პირველი კოლონისტები რგავდნენ სანელებლებს; ფრანგებიყავას, ინგლისელებიჩაის. ყველა ამ კულტურას შეეძლო მოეცა მშვენიერი მოსავალი, ციკლონებს რომ არ გაენადგურებინათ ნარგავები. მხოლოდ შაქრის ლერწმის ღეროები უძლებდნენ სტიქიის დარტყმას.

მავრიკი მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, დაახლოებით მე-20 პარალელზე ეკვატორის სამხრეთით, რის გამოც მას აქვს ტროპიკული მუსონური კლიმატი ხანგრძლივი ნოტიო სეზონით (აღინიშნება დეკემბერ-მაისში, არ აღინიშნება ივნის-აგვისტოში) და მოკლე, შედარებით მშრალი სეზონით (სექტემბერი-ნოემბერი). მავრიკიზე წელიწადის დროთა ცვლილებას ასევე აქვს ადგილი: ზაფხული მავრიკიზე ცხელი და ნოტიოა, ზამთარი შედარებით გრილი და მშრალი. მავრიკისთვის ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ტემპერატურები არ არის დამახასიათებელი: ტემპერატურა ზაფხულში +35 °C-ზე მაღლა და ზამთარში +10 °C-ზე დაბლა შესაბამისად არც მატულობს და არც კლებულობს.

ოდესღაც ჯიშიანი სახეობის ხეებით სავსე ხშირი ტყიანი ზეგნები დიდი ხანია გაკაფულია და შეცვლილია დარგული კანარის ფიჭვით და ევკალიპტით. აღმოსავლეთის სანაპიროს გასწვრივ შენარჩუნებულია მანგროს ტყეები. ბუნებრივი მცენარეულობის განადგურების გამო გამქრალია ადგილობრივი სახეობების პოპულაციის ნაწილი, მათ შორის მავრიკის ენდემი Acanthophoenix rubra-ს პალმა — ის კუნძულზე შენარჩუნებულია არაუმეტეს 150 ეგზემპლიარის სახით. ქალაქებში, სოფლებში და ავტოგზების გასწვრივ ჭარბობენ კუნძულებზე შემოტანილი დეკორატიული მცენარეები. ესენია: ჟაკარანდა (ლათ. Jacaránda), აკაცია, სიკომორო, ოლეანდრე, ჰიბისკუსი (ლათ. Hibiscus), წითელი ჟასმინი. პლაჟების გასწვრივ — კაზუარინას (ლათ. Casuarina) ნარგავები. დასახლებული პუნქტების სიახლოვეს მყოფ სანაპიროებზე, ხშირად გვხვდება ქოქოსის პალმა.

კუნძულის მიწის რესურსების ინტენსიურმა ექსპლოატაციამ მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად მოიტანა ის, რომ ბუნებრივ ლანდშაფტებს ახლა უკავიათ მავრიკის ფართობის მეოთხედზე ნაკლები. ამასთან ისინი უპირატესად შენარჩუნებულია კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ან დაფარულია ველური ბუჩქნარით, ან საერთოდ მცენარეულის გარეშეა და დაფარულია წითელი ვულკანური ქვიშით.

მავრიკი გამორჩეულია მრავალფეროვანი ფაუნით. ბევრი იქ მობინადრე ცხოველი, სხვაგან არსად არ გვხვდება. პირველი ევროპელი კოლონისტები გაკვირვებულები იყვნენ უზარმაზარი ხმელეთის კუების (Cylindraspis inepta და Cylindraspis triserrata) სიმრავლით და ბუმბულის მქონე ფრინველების სიმრავლით. კუები გაანადგურეს მეკობრეებმა და მეზღვაურებმა, რომლებიც, გემებით მავრიკის გვერდით ჩავლის დროს, აუცილებლად შედიოდნენ კუნძულზე, რომ თავიანთი ტრუმები გაევსოთ ამ „ცოცხალი კონსერვებით“. შემდეგ უფრთო დრონტების რიგიც დადგა. პირველი ნიდერლანდელი დასახლებულების მტკიცებით, კუნძულის ხეობები სავსე იყო ასეთი ფრინველებით, რომლებიც 15 კგ-მდე იწონიდნენ. დრონტები ადამიანებს ახლო მისვლის ნებას აძლევდნენ, რის შემდეგაც ისინი დრონტებს ჯოხებით კლავდნენ. შემოყვანილმა ვირთხებმა, კატებმა და ღორებმა ასევე ხელი შეუწყვეს მავრიკის დრონტების განადგურებას. 1710 წლისთვის დრონტები სრულიად განადგურდნენ. კუნძულის ათვისებამ მოიტანა სხვა ბუმბულიანი ფრინველების რაოდენობის მკვეთრი შემცირება. ამიტომ შაქრის პლანტაციებზე დაიწყო აქტიურად გამრავლება მავნებლებმა — შაქრის ტილი და წითელი კალია. მათთან საბრძოლველად ინდოეთიდან შემოიყვანეს Acridotheres, რის შედეგადაც დღეისათვის ის კუნძულზე ფრინველთა სამყაროს ყველაზე გავრცელებული წარმომადგენელია. კუნძულზე ასევე შეიყვანეს მანგუსტები, მღრღნელების დიდი რაოდენობა და მაიმუნები. შედეგად პირველყოფილი ფაუნიდან თითქმის არაფერი აღარ დარჩა.

კუნძულზე მოქმედებს ბლექ-რივერ-გორჟესის ეროვნული პარკი, სადაც შენარჩუნებულია რელიქტური ვარდისფერი მტრედი, მავრიკიული შევარდენი, მავრიკიული სამკაული თუთიყუში. მავრიკისთან ასევე ახლოს, მრგვალ კუნძულზე მდებარეობს ნაკრძალი, სადაც ბინადრობენ უნიკალური ქვეწარმავლები: სცინკი Leiolopisma telfairii, გეკონი და ხმელეთის მასკარენული შლეგელის გველი (ლათ. Casarea dussumieri).

კუნძული მავრიკი ჯერ კიდევ X საუკუნეში იყო ცნობილი არაბი მოგზაურებისათვის, რომლებიც მას დინა არობის (ვერცხლის კუნძული) სახელით იხსენიებენ. XVI საუკუნემდე კუნძული დაუსახლებელი იყო. XVI საუკუნის დასაწყისში იქ გადასხდნენ პირველი ევროპელები — პორტუგალიელები. 1598 წელს კუნძულს დაეუფლნენ ნიდერლანდელები და უწოდეს მავრიკი (მორის ორანელის პატივსაცემად). თავდაპირველად სავაჭრო გემებისათვის კუნძული მხოლოდ დროებითი სადგომი იყო. კუნძულზე ნიდერლანდელების პირველი დასახლება დაარსდა 1638 წელს, ხოლო პირველი ბავშვი, რომელიც კუნძულზე დაიბადა ითვლება სიმონ ვან დერ სტელი. დაიწყო შაქრის ლერწმის, ბამბის, თამბაქოს პლანტაციების შექმნა და მსხვილი რქოსანი საქონლის მოშენება. ამისათვის ნიდერლანდელებმა აქ შემოიყვანეს მონები მადაგასკარიდან და აღმოსავლეთ აფრიკიდან. კუნძულის მაცხოვრებელთა რაოდენობამ ნიდერლანდელთა მმართველობის დროს მიაღწია დაახლოებით 300 ადამიანს, მონების ჩათვლით. მაგრამ 1710 წელს ნიდერლანდელებმა დატოვეს მავრიკი, რათა თავი დაეღწიათ ევროპული გემების მიერ კუნძულზე შემოყვანილი და შემდეგ მომრავლებული ვირთხებისაგან.

1715 წელს კუნძული მიიტაცეს ფრანგებმა (უწოდეს ილ-დე-ფრანსი), 1721 წელს აქ ფრანგებმა დააარსეს თავიანთი პირველი მუდმივი დასახლება. ფრანგული კოლონიზაციის წლებში ილ-დე-ფრანსზე აშენდა რამდენიმე ფორტი, გემების ასაშენებელი და სარემონტო ადგილი, გაყვანილ იქნა გზები. 1735 წელს კუნძულის მოსახლეობა ითვლიდა თითქმის 1 ათას ადამიანს (200 თეთრკანიანი, დანარჩენი — მონები აფრიკიდან და მადაგასკარიდან).

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ილ-დე-ფრანსზე გადასახლდა კოლონისტების ჯგუფი ფრანგული პროვინცია ბრეტანიდან და ნორმანდიიდან; იმავდროულად შეყვანილი იქნა მონების ახალი პარტია აფრიკიდან და მადაგასკარიდან. მონების შრომა გამოიყენებოდა შაქრის ლერწმის და ყავის პლანტაციებში; კუნძულზე დაიწყეს სიმინდის, მანიჰოტის, მიხაკის ხის, ინდიგოს, სხვადასხვა სახის ბოსტნეული კულტურების და ხილის მოყვანა. კუნძულის მოსახლეობა იბრძოდა კოლონიზატორების წინააღმდეგ (აჯანყებები 1695, 1724, 1732, 1794 წლებში).

1810 წელს, ინგლისელების ჯარის ფრანგულ გარნიზონზე გამარჯვების შემდეგ, იგი დიდი ბრიტანეთის სამფლობელო გახდა. 1814 წელს პარიზის ხელშეკრულების საფუძველზე ილ-დე-ფრანსი ოფიციალურად გახდა ბრიტანეთის კოლონია და მას დაუბრუნდა მავრიკის დასახელება.

ინგლისელთა კოლონიზაციის დაწყებისას მავრიკის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 70 ათას ადამიანს (მათ შორის 50 ათასზე მეტი — მონა). 1835 წელს მონობა გაუქმდა. იმ დროისათვის მონების რიცხვი შეადგენდა 77 ათას ადამიანს (96 ათასი მოსახლიდან). სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის მავრიკიზე 1830-იანი წლებიდან ინდოეთიდან დაიწყეს მუშების შეყვანა (კიდევ უფრო ადრე, 1829 წლიდან, მუშების მოსვლა დაიწყო ჩინეთიდან). 1861 წლისთვის ინდური წარმოშობის იმიგრანტების რაოდენობამ მიაღწია თითქმის 300 ათას ადამიანს. მავრიკიზე სწრაფად მიმდინარეობდა შაქრის წარმოების ზრდა, დაიწყო ჩაის და თამბაქოს მოყვანა.

როდრიგესის კუნძული 1528 წელს აღმოაჩინა პორტუგალიელმა მეზღვაურმა დიეგო როდრიგესმა (Don Diego Rodriguez). 1691—1693 წლებში მისი ოკუპაცია ნიდერლანდელებმა მოახდინეს. XVIII საუკუნეში კუნძულს დაეუფლნენ ფრანგები, რომლებსაც თავიანთ პლანტაციებში სამუშაოდ შავკანიანები შეჰყავდათ. 1810 წლიდან 1968 წლამდე კუნძულს მართავდა ბრიტანეთის იმპერია, რის შემდეგადაც ის გახდა მავრიკის სახელმწიფოს ტერიტორიული ნაწილი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტიკოლონიურმა ბრძოლებმა აიძულა დიდი ბრიტანეთი ზოგიერთ დათმობაზე წასულიყო. 1957 წელს გაფართოვდა საკანონმდებლო საბჭოს უფლებები. 1958 წელს შემოიღეს საყოველთაო საარჩევნო უფლება. 1964 წელს შეიქმნა ეროვნული მთავრობა. 1967 წლის 7 აგვისტოს ჩატარდა საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები. კუნძულმა მიიღო თვითმმართველი ტერიტორიის სტატუსი. არჩევნებში გამარჯვებული ლეიბორისტული პარტია მოითხოვდა კუნძულისთვის დაუყოვნებლივი დამოუკიდებლობის მიცემას. 1968 წლის 12 მარტს მავრიკი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა თანამეგობრობის ფარგლებში.

1968 წლის დასაწყისიდან დაიწყო შეტაკებები მოსახლეობის აზიური წარმოშობის ხალხსა (ძირითადად ინდოელები) და კრეოლებს (შავკანიანები და მულატები) შორის. 19701971 წლებში მიმდინარეობდა დიდი გაფიცვები ეკონომიკის ბევრ სფეროში, ხელფასის გაზრდის მოთხოვნით. 1971 წლის დეკემბერში მავრიკის ხელისუფლებამ ქვეყანაში შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც შეუჩერებლივ მოქმედებდა 1978 წლის მარტამდე. დაპატიმრებული იყვნენ რადიკალური მემარცხენე პარტიის — მავრიკის მებრძოლი მოძრაობის ლიდერები, აიკრძალა ამ პარტიასთან დაკავშირებული პროფკავშირების მოღვაწეობა.

1992 წლის 12 მარტიდან მავრიკი გახდა რესპუბლიკა.

მავრიკი რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია — პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით (შესაძლებელია ზედიზედ მეორე ვადაც) არჩეული პრეზიდენტი.

პარლამენტი — ერთპალატიანია, 70 დეპუტატი (62-ს ირჩევს მოსახლეობა 5 წლის ვადით, კიდევ 8-ს ნიშნავს საარჩევნო კომიტეტი სხვადასხვა ეთნიკური თემების წარმომადგენლებისგან).

2014 წლის 10 დეკემბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში წარმოდგენილია პოლიტიკური პარტიები (ალიანსები):

ალიანსი პარტია ადგილი
Lepep-ის ალიანსი - 53 ადგილი MSM 33
PMSD 11
Muvment Liberater 7
OPR 2
არანაირ ალიანსში არ შესული პარტიები - 11 ადგილი MMM 7
ლეიბორისტული პარტია 4
დამოუკიდებლები - 5 ადგილი უპარტიოები 5
სულ 69

შეიარაღებული ძალები და პოლიცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მავრიკის ჰყავს შეიარაღებული ძალები რაოდენობით დაახლოებით 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგების აღმოსაფხვრელად (ტაიფუნების) და ზოგადად წარმოადგენენ საგანგებო სიტუაციების ორგანოების ძალების ანალოგს, არსებობს პოლიციაც, პოლიციური სპეციალიზებული რაზმი და საზღვაო საპატრულო სამსახური.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მავრიკის ადმინისტრაციული რუკა

მავრიკის რესპუბლიკა დაყოფილია ცხრა ოლქად და გარე კუნძულად, რომელშიც შედის სამი დამოკიდებული ტერიტორია და კიდევ ორი ტერიტორია, რომელიც უცხო ქვეყნის სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება და რომელზეც მავრიკი პრეტენზიას აცხადებს. ეს ორი ტერიტორიაა ჩაგოსის არქიპელაგი (ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია) და ამჟამად საფრანგეთის კუთვნილი მომცრო კუნძული ტრომელინი.

№ რუკაზე ოლქი (ქართ.) ოლქი (ინგლ.) ადმ. ცენტრი (ქართ.) ადმ. ცენტრი (ინგლ.) ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1]
ად. (2011 წელი)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ოლქები
1 რივერ-ნუარი Black River District ბამბუ Bambous 259,0 76 604 295,77
2 ფლაკი Flacq District სენტრ-დე-ფლაკი Centre de Flacq 297,9 135 406 454,54
3 გრანდ-პორტი Grand Port District როუზ-ბელი Rose-Belle 260,3 110 907 426,07
4 მოკის ოლქი Moka District კარტიე-მილიტერი Quartier Militaire 230,5 82 302 357,06
5 პამპლემუსი Pamplemousses District ტრიოლე Triolet 178,7 136 268 762,55
6 პლენ-ვილემი Plaines Wilhems District როუზ-ჰილი Rose-Hill 203,3 362 292 1782,06
7 პორტ-ლუის ოლქი Port Louis District პორტ-ლუი Port Louis 42,7 118 431 2773,56
8 რივიერ-დუ-რემპარი Rivière du Rempart District მაპუ Mapou 147,6 106 267 719,97
9 სავანის ოლქი Savanne District სუილაკი Souillac 244,8 67 906 277,39
მავრიკის გარე კუნძულები
1 კუნძული აგალეგა Agalega ვინტ-სინკი Vingt Cinq 70 334 4,77
2 არქიპელაგი კარგადოს-კარახოსი Cargados Carajos Shoals 1,2
3 კუნძული როდრიგესი Rodrigues პორტ-მატურინი Port Mathurin 104,0 40 100 385,58
სულ 2040 1 236 817 628,21

2011 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 236 817 ადამიანს.[1]

წლიური მატება — 0,44 %. (2011 წელი)

შობადობა — 14 492 (11,20 %) (2012 წელი), სიკვდილიანობა — 9 334 (7,22 %) (2012 წელი), ბუნებრივი მატება — + 5 158 (+3,98 %) (2012 წელი), მიგრაციული მატება — (—293) (-0,23 %) (2012 წელი),

შობადობის ჯამური კოეფიციენტი — 1,4 (2011 წელი) დაბადებული ერთ ქალზე.

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 69,7 წელი მამაკაცებისთვის (2011 წელი), 76,9 წელი ქალებისათვის (2011 წელი)

შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომით დაავადებულები (შიდსი) — 1,7 % (2007 წლის შეფასება).

განათლება — 88 % მამაკაცებისთვის, 80 % ქალებისთვის (2000 წლის აღწერით).

ეთნო-რასობრივი შემადგენლობა (2011 წლის აღწერით):

ენები (2011 წლის აღწერით):

მავრიკის კონსტიტუცია არ აზუსტებს ქვეყნის ოფიციალურ ენებს და ქვეყნის მოსახლეობა ლაპარაკობს მავრიკიულ კრეოლურზე, ფრანგულ კრეოლურზე, ინგლისურად ან ფრანგულად. მხოლოდ პარლამენტში ოფიციალურ ენად მიღებულია ინგლისური, თუმცა ეროვნული ასამბლეის წევრებს შეუძლიათ ფრანგულ ენაზე საუბარიც. მაგრამ, მთლიანობაში ინგლისური ენა ითვლება მავრიკის ოფიციალურ ენად, როგორც სახელმწიფოს ხელისუფლების, ადმინისტრაციის და სამართალწარმოების ენა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში მავრიკის მაცხოვრებლებს შეუძლიათ აირჩიონ საურთიერთობო ენა სიტუაციიდან გამომდინარე. საშინაო ვითარებაში, უფრო მეტად გამოიყენება კრეოლური ან ბოჯპური, ბიზნესში და საქმიან ურთიერთობაში გამოიყენება ფრანგული ან კრეოლური, ინგლისური — სკოლებში და დაწესებულებებში. მასმედიის და გაზეთების უმრავლესობა იყენებს ფრანგულ ენას. მავრიკიული კრეოლური, რომელზეც ლაპარაკობს მოსახლეობის 90 %, ხშირად ითვლება მავრიკიელთა მშობლიურ ენად და ყველაზე უფრო იხმარება არაფორმალურ სიტუაციებში. ის ჩამოყალიბდა XVIII საუკუნეში მონებს შორის, რომლებიც ერთმანეთში და თავის ფრანგ მეპატრონეებთან, რომლებსაც არ ესმოდათ სხვადასხვა აფრიკული დიალექტები ლაპარაკობდნენ პიჯინის ენაზე. რამდენიმე თაობის შემდეგ პიჯინი გახდა საუბრის ჩვეულებრივი ნორმა. მავრიკიული კრეოლური დაფუძნებულია ფრანგულ ენაზე და ინარჩუნებს ფრანგულ წარმოთქმას და სიტყვათა შემადგენლობას.

აღმსარებლობა (2011 წლის აღწერით):

კრეოლების უმრავლესობა — ქრისტიანია. თითქმის ყველა მუსლიმი და ინდუსი — ინდური წარმოშობისაა. ინდუსები ლაპარაკობენ მარათულ, ტამილურ, ბოჯპურულ და ტელუგურ ენებზე. უმცირესობას წარმოადგენენ ჩინური წარმოშობის პირები, რომლებმაც მიიღეს ქრისტიანობა (კათოლიციზმი). ასევე ცხოვრობენ ბუდიზმის და კონფუციანელობის მიმდევრები.

მავრიკი — ადგილია, სადაც ერთმანეთს ერწყმის სხვადასხვა კულტურა, რაც გამოიხატება ქვეყნის არქიტექტურაში: დედაქალაქ პორტ-ლუიში ერთმანეთის მეზობლად მდებარეობს მეჩეთი ჯუმა, ინდუისტური ტაძარი მაესვარატი და ქრისტიანული საკათედრო ტაძარი სენტ-ჯეიმსი.

მავრიკის ეკონომიკა დაფუძნებულია შაქრის (შაქრის ლერწამი მოჰყავთ დასამუშავებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაახლოებით 90 %-ზე) წარმოებაზე, ტურიზმზე და ტექსტილის წარმოებაზე, რითაც იგი აფრიკაში მესამე ქვეყანაა ცხოვრების დონის მიხედვით (ლიბიის და სეიშელის კუნძულების შემდეგ) და მეშვიდე ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით (ეკვატორული გვინეის, ლიბიის, სეიშელის კუნძულების, გაბონის, ბოტსვანის და ტუნისის შემდეგ). ბოლო დროს ვითარდება ოფშორული და საბანკო ბიზნესი, ასევე ზღვის პროდუქტების და თევზის მოპოვება და გადამუშავება. აფრიკაში კონკურენტუნარიანობის მიხედვით უკავია მეხუთე ადგილი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ლიბიის, ბოტსტვანის და გაბონის შემდეგ).

2009 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 17,4 ათას დოლარს (მე-60 ადგილი მსოფლიოში). 2006 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა მოსახლეობის 8 %. უმუშევრობა — 7,9 % (2011 წელი).

სოფლის მეურნეობაში დაკავებულია მომუშავეთა 9 %, მრეწველობაში — 30 %, მომსახურების სფეროში — 61 %.

საექსპორტო საქონელი (2,4 მილიარდი დოლარი 2008 წელს): შაქარი, ტანსაცმელი და ქსოვილები, ყვავილები, მოლუსკები, თევზი. ძირითადი მყიდველებია — დიდი ბრიტანეთი — 31 %, საფრანგეთი — 15 %, აშშ — 9 %, იტალია — 7 %, ბელგია — 5 %.

იმპორტი (4,4 მილიარდი დოლარი 2008 წელს): სამრეწველო საქონელი, საკვები, ნავთობპროდუქტები, ქიმიკატები. ძირითადი მომწოდებლებია — ინდოეთი — 24 %, საფრანგეთი — 11 %, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — 10 %, ჩინეთი — 8 %, პაკისტანი — 5 %. შედის საერთაშორისო ორგანიზაციაში — აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები.

დიდი დაშორების მიუხედავად, მავრიკის აქვს საკმაო პოპულარობა ევროპელ ტურისტებს შორის, არის რა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ძვირი ტურისტული კურორტი მალდივის და სეიშელის კუნძულებთან ერთად. მავრიკიზე ძირითადად გავრცელებულია საპლაჟე დასვენება, მაგრამ ასევე პოპულარულია ექსკურსიები ოკეანეზე, იშვიათად — კუნძულის შიდა რაიონებში. ერთ-ერთი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა ეგრეთ წოდებული შვიდფერა ქვიშები.

მავრიკის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს აძლევს უფასო განათლების შესაძლებლობას, დაწყებული სკოლამდელი განათლებიდან უმაღლეს განათლებამდე. 2013 წელს სახელმწიფო ხარჯები განათლებაზე შეფასებულია დაახლოებით 13,5 მილიონი მავრიკის რუპიის ოდენობით, რაც შეადგენს მთელი ხარჯვითი მოცულობის 13 %-ს.[2]

2011 წელს ზრდასრული მოსახლეობის განათლების დონე შეადგენს 89,8 %-ს.[3] მათ შორის მამაკაცების 92,3 % და ქალების 87,3 %.[3]

მავრიკიში განათლების სისტემა შედგება სკოლამდელი, დაწყებითი, მეორადი და მესამე სექტორებისგან. განათლების სტრუქტურა შედგება სამწლიანი სკოლამდელი დაწესებულებებისგან, ექვსწლიანი დაწყებითი სწავლებისაგან, რომელიც იძლევა მოწმობას დაწყებითი განათლების მიღების შესახებ, შემდეგ საშუალო განათლების ხუთი წელი, რომელიც იძლევა სასკოლო სერთიფიკატს და უფლებას კიდევ ორი წლით სწავლის გაგრძელების შესახებ. მისი დამთავრების შემდეგ მოსწავლეს ეძლევა სერთიფიკატი სკოლის საბოლოო დამთავრების შესახებ.[4]

უმაღლესი განათლების სფეროში შედიან მავრიკის კოლეჯები, უნივერსიტეტები და სხვა ტექნიკური ინსტიტუტები. ქვეყანაში ორი ძირითადი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებია მავრიკის უნივერსიტეტი და მავრიკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. უმაღლესი განათლების კომისია განიხილავს მავრიკის სტრატეგიულ გეგმას რეგიონული სასწავლო-საინფორმაციო ცენტრის და უმაღლესი განათლების და გამოცდილების ცენტრის დახმარებით. ის ხელს უწყობს ღია და დისტანციური სწავლების განვითარებას სკოლისშემდგომი განათლების მიღებისთვის შესაძლებლობების გაფართოებაზე და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისათვის ადგილობრივ და რეგიონალურ დონეებზე.[4]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2011 წლის აღწერა
  2. Ministry of Education and Human Resource (2013). „Education statistics – 2013“ (PDF). Government Portal of Mauritius. ციტირების თარიღი: 22 January 2015. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  3. 3.0 3.1 „2011 POPULATION CENSUS — MAIN RESULTS“ (PDF). Statistics Mauritius, Government Portal of Mauritius. 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 23 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 22 January 2015. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  4. 4.0 4.1 „Education“. commonwealth-of-nations.org. 2006. ციტირების თარიღი: 17 February 2012. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy