ნასირ ალ-დინ ტუსი
ნასირ ალ-დინ ტუსი | |
---|---|
ნასირ ალ-დინ ტუსი | |
დაბადების თარიღი |
1201 ტუსი |
გარდაცვალების თარიღი |
1274 ბაღდადი |
საქმიანობა |
მეცნიერ-ენციკლოპედისტი მათემატიკოსი მექანიკოსი ასტრონომი |
რელიგია | ისლამი |
ნასირ ალ-დინ ტუსი (სპარს. محمد بن محمد بن الحسن الطوسی — აბუ ჯაფარ მუჰამად იბნ მუჰამად იბნ ჰასან აბუ ბაქრ ნასირ ალ-დინ ტუსი; დ. 18 თებერვალი 1201, ტუსი — გ. 26 ივნისი 1274, ბაღდადი) — სპარსელი მეცნიერ-ენციკლოპედისტი, მათემატიკოსი, მექანიკოსი, ასტრონომი და სახელმწიფო მოღვაწე. 1256 წლიდან იყო მონღოლეთის ილხან ჰულაგუს პირადი მრჩეველი და მდივანი. ხელმძღვანელობდა მარაღის ობსერვატორიის მშენებლობას, აგრეთვე ასტრონომიული კატალოგის „ზიჯე ილხანის“ შედგენას.
აქვს შრომები მათემატიკის, ისტორიის, ეთიკის, პოეზიის თეორიისა და ფილოსოფიის საკითხებზე. ბერძნული მეცნიერების კარგი მცოდნე. ეკუთვნის ევკლიდეს, არქიმედეს, ავტოლიკოსის, თეოდოსის, მენელაეს, აპოლონიოსის, არისტარქეს, ჰიფსიკლისესა და პტოლემეს შრომების კომენტარები.
ცნობილია ნასირ ალ-დინ ტუსის დაახლოებით 150 ტრაქტატი და წერილი, რომელთაგან 25 დაწერილია სპარსულზე, ხოლო დანარჩენები არაბულ ენაზე. არსებობს აგრეთვე ტრაქტატი გეომანტიის შესახებ, რომელიც ტუსიმ დაწერა არაბულ და სპარსულ ენებზე, რითაც თავისი ოსტატობის დემონსტრირება მოახდინა. აღინიშნება, რომ ტუსი ბერძნულ ენასაც ფლობდა.
ნასირ ალ-დინ ტუსი დაიბადა 1201 წელს ხორასანის ოლქში, ქალაქ ტუსში, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. იქვე ადრეულ წლებში სწავლა დაიწყო, შეისწავლა ყურანი, ხადისები, შიიტური იურისპრუდენცია, ლოგიკა, ფილოსოფია, მათემატიკა, მედიცინა და ასტრონომია. მოგვიანებით ასტრონომიისა და მათემატიკის სწავლა მოსულში გააგრძელა კამალ ად-დინ იბნ იუნისთან. ალ-ტუსის მოღვაწეობისა პირველი პერიოდი ქუჰისტანთან. 1235 წლიდან ცხოვრობდა ალამუთის ციხეში, რომელიც იყო ისმაილიტ-ნიზარიტების სახელმწიფოს მთავრობის რეზიდენცია.
ტუსის მათემატიკური შრომებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ტრაქტატი სრული ოთხგვერდას შესახებ“. ტრაქტატი დაწერილია ტუსის ალამუთში ყოფნის დროს სპარსულ ენაზე და არაბულზე მარაღში ყოფნისას (1260).
ტუსის ტრაქტატი ხუთი წიგნისაგან შედგება. I წიგნში განხილულია შემადგენელი ფარდობის თეორია. საბით იბნ-კურისა და ომარ ხაიამის იდეების განვითარებით ტუსიმ შემოიღო რიცხვის გაფართოებული გაგება, რომელიც განისაზღვრება როგორც ფარდობა, რაციონალური და ირაციონალური. II წიგნში მოცემულია მენალაეს თეორემის სხვადასხვა შემთხვევების მტკიცებულება ბრტყელი ოთხგვერდასათვის. III წიგნში შემოღებულია სინუსისა და კოსინუსის ღერძის გაგება და მტკიცდება ტრიგონომეტრიის რიგი თეორემა; კერძოდ, აქ განხილულია ბრტყელი ოთხვერდების წესების ამოხსნა და მოცემულია სინუსების ბრტყელი თეორემის მტკიცებულება. IV წიგნი ეძღვნება მენალაეს თერემის სხვადასხვა შემთხვევების მტკიცებულებას. V წიგნში განხილულია სფერული ტრიგონომეტრიის ამოცანათა ახსნის ხერხები.
ტუსის ეკუთვნის რიგი თხზულება, რომელიც მიეძღვნა სწავლებას პარალელების შესახებ. ამ თხზულების ერთ-ერთი რედაქცია გამოიცა 1594 წელს ლათინურ თარგმანში ქალაქ რომში. ამ ტექსტის V პოსტულატის მტკიცებულება კიდევ ერთხელ იყო გამოქვეყნებული ჯონ ვალისის მიერ 1693 წელს. ვალისის ამ მტკიცებულების შრომას იცნობდა ჯიროლამო საკერი, რომელმაც გააკრიტიკა ის (1733).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნასირ ალ-დინ ტუსი ენციკლოპედია ირანიკა