სამხრეთი კამარინესი
სამხრეთი კამარინესი (ტაგ: Timog Camarines; ბიკ: Habagatan na Camarines) — პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს ბიკოლის რეგიონში, კუნძულ ლუსონზე. პროვინციის დედაქალაქია პილი. სამხრეთ კამარინეს ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილოეთი კამარინესი და კესონის პროვინცია ესაზღვრება, სამხრეთით კი — ალბაი. პროვინციის აღმოსავლეთით კატანდუანესი მდებარეობს, რომლისგანაც მაქედის არხი გამოყოფს.
სამხრეთი კამარინესი ბიკოლის რეგიონის (V რეგიონი) 6 პროვინციას შორის უდიდესია როგორც ფართობის, ისე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. პროვინციის შემადგენლობაშია ორი ქალაქი: ნაგა, რომელიც პროვინციის რელიგიური, კულტურული, ფინანსური, კომერციული, ინდუსტრიული და ბიზნეს ცენტრის ფუნქციას ასრულებს; და ირიგა, შემადგენელი ქალაქი, რომელიც რინკონადის ბიკოლური ენის ცენტრია. პროვინციაში მდებარეობს ბუჰის ტბა, სადაც Mistichthys luzonensis-ის სახეობის თევზებს აშენებენ. სამხრეთი კამარინესი კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი ისაროგ აგტის ენის (რომელიც ერთ-ერთია ფილიპინებში საფრთხის ქვეშ მყოფ სამ ენას შორის) სამშობლოა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1573 წელს ბიკოლის პროვინცია დაარსდა. 1636 წელს მას კამარინესი გამოეყო, რომელიც 1829 წელს ორ ნაწილად, ჩრდილოეთ კამარნესად და სამხრეთ კამარინესად დაიყო. 1854-1857 წლებში ორი პროვინცია კვლავ გაერთიანდა და ამბოს-კამარინესი ეწოდა. (ესპანურად ambos „ორივეს“ ნიშნავს). პროვინციები კიდევ ერთხელ გაერთიანდა 1893 წელს, თუმცა 1917 წელს პროვინცია კვლავ გაიყო.
1829 წელს ამბოს-კამარინესიდან გამოყოფის შემდეგ ჩრდილოეთ კამარინესის დედაქალაქად დაეტი გამოცხადდა. პროვინციის შემადგენლობაში შევიდა ქალაქები: ტალისაი, ინდანი, ლაბო, პარასალე, მამბულაო (ამჟამინდელი ხოსე-პანგანიბანი), კაპალონგა, რაგაი, ლუპი და სიპოკოტი. 17 წლის შემდეგ სიპოკოტი, ლუპი და რაგაი სამხრეთ კამარინესის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო სირუმა ჩრდილოეთ კამარინესს გადაეცა.
საომარი მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1972 წლის 23 სექტემბერს პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ფილიპინებში, მათ შორის სამხრეთ კამარინესში საომარი მდგომარეობა ცხადდებოდა,.[2] რის შემდეგაც მარკოსის 14 წლიანი ერთპიროვნული მმართვლეობის ხანა დაიწყო.[3][2] მართალია საომარი მდგომარეობა 1981 წლის 17 იანვარს ფორმალურად შერბილდა, მაგრამ მარკოსმა ძალაუფლება 1986 წლის თებერვლამდე შეინარჩუნა.[3][4][5]
პროვინციული დედაქალაქის გადატანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ კამარინესის ყოფილი დედაქალაქი ნაგა 1573 წელს დაარსდა როგორც ნუევა-კასერესი. ეს სახელი ესპანეთში მდებარე ქალაქის შესაბამისად ეწოდა. ნაგა კოლონიის ხუთ სამეფო ქალაქს შორის ერთ-ერთი იყო. 1917 წლის 10 მარტს, ფილიპინების 2711-ე საკანონმდებლო აქტის საფუძველზე ნაგა პროვინციულ დედაქალაქად გამოცხადდა. 1955 წლის 6 ივნისს 1336-ე რესპუბლიკური აქტის მიღების შემდეგ სამხრეთ კამარინესის დედაქალაქად პილი გამოცხადდა, რომელიც ამ ფუნქციას დღემდე ასრულებს.[6]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთი კამარინესის ფართობი 5 497.03 კმ²-ია.[7] პროვინცია კუნძულ ლუსონზე, ბიკოლის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. სამხრეთ კამარინესს ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილოეთი კამარინესი და კესონის პროვინცია ესაზღვრება, ხოლო სამხრეთიდან — ალბაი. პროვინციის აღმოსავლეტით მაქედის არხია გადაჭიმული.
რელიეფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთი კამრინესი ბიკოლის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ფართობის მიხედვით ის რეგიონის უდიდესი პროვინციაა. პროვინციის ცენტრში ბიკოლის ვაკე მდებარეობს, რომელსაც ირგვლივ მთები არტყამს გარს, მათ შორის ისროგისა და ირიგის მთები. პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში კარამოანის ნახევაკუნძულის მთები მდებარეობს, რომლებიც აღმოსავლეთით კატანდუანესს გაჰყურებს.
პროვინციის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მდინარე ბიკოლი მიედინება, რომელიც სან-მიგელის ყურეში ჩაედინება. ასოგის მთა სამი ტბითააა გარშემორტყმული: ბუჰი, ბატო და ბააო.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთი კამარინესი, ისევე როგორც ქვეყნის სხვა რეგიონები, ტროპიკულ სარტყელშია მოქცეული. მშრალი სეზონი მარტიდან მაისამდე გრძელდებოდა, ხოლო წვიმების სეზონი წელიწადის დანარჩენ პერიოდს მოიცავს. საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა 2 565 მმ-ია. სამხრეთი კამარინესის საშუალო ტემპერატურა 27.0 °C-ია (80.6 °F).
ადმინისტრაიცული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთი კამარინესი 35 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროვინციის შემადგენლობაში შედის ორი ქალაქიც.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 1 925 544 ადამიანს შეადგენს. მოსალხეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 360 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.[8] სამხრეთი კამარინესი მოსახლეობის რაოდენობით პირველ ადგილზეა ბიკოლის პროვინციებს შორის.
2010 წლისთ აღწერით პროვინციაში 1 822 371 ადამიანი ცხოვრობდა. შინამეურნეობების რაოდენობა 288 172-ს აღწევდა, რომელთა საშუალო ზომაც 5.37-ს უდრიდა, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს (4.99) მნიშვნელოვნად აღემატება.
ტურისტული ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ კამარინესში XIX საუკუნის რამდენიმე ტაძარი მდებარეობს, მათ შორის გოაში, სან-ხოსესა და საგნიაიში. 1750 წელს ნაგაში აგებული კათოლიკური ეკლესია პილიგრიმების დანიშნულების ადგილს წარმოადგენს. ვულკანური წარმოშობი ტბა ბუჰი იზოლირებული ტბაა. ბუჰის ტბა ცნობილია მცირე ზომის თევზების მოშენებით. ორი პოტენციურად აქტიური ვულკანი, ისაროგის მთა და ასოგის მთა მოლაშქრეებს მდიდარი ბიომრავალფეროვნების გამოკვლევის საშუალებას აძლევს. სამხრეთ კამარინესის ტერიტორიაზე მდებარეობს საგნიაის, საბანგისა და კარამოანის სანაპიროები თეთრი ქვიშის პლაჟებითა და მარჯნის რიფებითაა ცნობილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Camarines Sur, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Official Website of the Provincial Government of Camarines Sur
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ 2.0 2.1 The Fall of the Dictatorship en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-03. ციტირების თარიღი: 2018-09-09
- ↑ 3.0 3.1 Francisco, Katerina (2016-09-22). „Martial Law, the dark chapter in Philippine history“. Rappler (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-23. ციტირების თარიღი: 2018-06-29.
- ↑ Tan, Ab (1981-01-18). „Marcos Ends Martial Law, Keeps Tight Grip“. Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. ციტირების თარიღი: 2018-09-09.
- ↑ Back to the Past: A timeline of press freedom (Sep 1, 2007). ციტირების თარიღი: March 2, 2018
- ↑ Camarines Sur. ციტირების თარიღი: 19 June 2014.
- ↑ Province: Camarines Sur". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016.
- ↑ Census of Population (2015). "Region V (Bicol Region)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
|
|
|