არმორიკის მასივი
არმორიკის მასივი | |
---|---|
მთა როშ-დ’ოეტრი | |
კოორდინატები: 48°28′00″ ჩ. გ. 1°38′46″ ა. გ. / 48.46667° ჩ. გ. 1.64611° ა. გ. | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
უმაღლესი წერტილი | ავალუარი |
სიმაღლე | 416 მ |
ფართობი | 65 ათ. კმ² |
არმორიკის მასივი (ფრანგ. Massif armoricain) — მობრტყელებული ეროზიული მაღლობი ან პენეპლენი საფრანგეთში. მდებარეობს ბრეტანისა და კოტანტენის ნახევარკუნძულებზე, საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ფართობი დაახლოებით 65 ათ. კმ².[1] აღმოსავლეთით ესაზღვრება პარიზის აუზი, სამხრეთით აკვიტანიის აუზი, დასავლეთით ბისკაიის ყურე, ხოლო ჩრდილოეთით ლა-მანშის სრუტე. სიმაღლე იშვიათად აჭარბებს 400 მ-ს. მაქსიმალური სიმაღლე 416 მ (მთა ავალუარი). წარსულში მასივის უმაღლეს წერტილად მიიჩნეოდა მთა დ’ეკუვი (417 მ), თუმცა ახალი კვლევებით, მისი სიმაღლე 413 მ-ით განისაზღვრება.[2] არმორიკის მასივსა და პარიზის აუზს ჰყოფს ბუნებრივი რეგიონი პერშე.[3]
არმორიკის მასივის ოროგრაფიული ერთეულებია: მონ-დ’არე (385 მ), დიუ-მენე (339 მ), მონტან-ნუარი (318 მ), ლანდ-დე-ლანვო (175 მ), სილონ-დე-ბრეტანი (91 მ), კოევრონი (357 მ), მანსელის ალპები (216 მ), სინიალ-დ’ეკუვი (413 მ), მონ-პინსონი (365 მ). მასივის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ადგილია კლდოვანი მთა როშ-დ’ოეტრი (118 მ).[4]
არმორიკის მასივი სუსტად ამობურცული ვაკეა; გაბატონებულია ცალკეული ინტენსიურად დანაწევრებული გრანიტული და ქვიშაქვური ჭიუხები. მდინარეები უხვწყლიანია, წარმოდგენილია ფართო და ვიწრო ხეობების მონაცვლეობით. ზედაპირი ღრმადაა დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით. მის ფარგლებშია სადავო წარმოშობისა და ასაკის ექვსი იარუსიანი მოსწორების ზედაპირი, რომლებიც პედიმენტსა და პედიპლენს წარმოადგენენ.[5]
არმორიკის მასივი აგებულია კამბრიუმამდელი კრისტალური ფიქლებითა და გნაისებით. გეოლოგიურად მასივი ჰერცინული კრისტალური ფუნდამენტის ვეებერთელა გაშიშვლებაა. ცენტრალურ მასივთან შედარებით ნაკლებადაა აზევებული; მთები ჩამოყალიბდა კარბონულ სისტემაში, კერძოდ, ჰერცინულ ოროგენში და დიდწილად ეროზიით იყო დამუშავებული. ჩრდილოეთით ეროზიით მკაფიოდ არის ამოჭრილი რიები და ხეობები, ხოლო სანაპირო ხაზი ღრმად არის დაკბილული. სეისმურად ზომიერად აქტიურია. არმორიკის მაღლობისთვის ნიშანდობლივია ლანდშაფტის ტიპი — ბოკაჟი.[5]
ტერიტორიის დიდი ნაწილი გაუტყეურებულია. სოფლის მეურნეობაში ჭარბობს მეცხოველეობა, რეგიონს წამყვანი ადგილი უკავია რძის, ყველის, საქონლისა და ღორის ხორცის წარმოებაში. მზარდია საქონლის საკვების კულტივაცია. მოსახლეობა კონცენტრირებულია სანაპიროს გასწვრივ, რომელიც იზრდება განაპირა რაიონების ხარჯზე.[1]
არმორიკის მასივის აღმოსავლეთი ნაწილი ცნობილია ნორმანდიის მასივის სახელწოდებით, რომელიც გრანიტებით, ფიქლებითა და ქვიშაქვებითაა აგებული. გვხვდება ვერანი, ტორფნარი და მდელო. არმორიკის მასივის სახელწოდება დაკავშირებულია გალების ისტორიულ რეგიონთან — არმორიკასთან.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Armorican Massif | Encyclopedia Britannica
- ↑ Rodolphe Bacquet, Normandie 2. Comprendre la Normandie et Normandie pratique, Place Des Editeurs, 2013, p. 43.
- ↑ Dessinés par la nature, soulignés par l'homme, les paysages du Perche signent son identité.
- ↑ La Roche d’Oëtre et les gorges de la Rouvre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-12. ციტირების თარიღი: 2021-11-12.
- ↑ 5.0 5.1 The Armorican Massif, NW France. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-12. ციტირების თარიღი: 2021-11-12.